ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 12, 2007
მიღების თარიღი მარტი 30, 2007
რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 1,356,633.60 (ერთი მილიონ სამას ორმოცდათექვსმეტი ათას ექვსას ოცდაცამეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 12 მარტის 17:00 საათი, ხოლო აუქციონის ჩატარების თარიღად - 2007 წლის 30 მარტის 13:00 საათი;
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინეს:
1. “Munir Sukhtian International”;
2. სს ”გლობალ ერთი”;
3. შპს \"შავი ზღვის ტელეკომი\";
4. შპს ”ჯეომაქსი+”;
5. ფიზიკური პირი - კახა ბასილია;
6. შპს ”გამა”.
შპს ”გამა”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა გამოცხადებული აუქციონის პირობებს, კერძოდ შპს ”გამა”-ს განცხადებას თანდართული არ ჰქონდა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, შპს ”გამას” კომისიის 2007 წლის 16 მარტის №153/8 გადაწყვეტილებით განესაზღვრა ვადა - 2007 წლის 27 მარტამდე წარმოედგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია. შპს ”გამას” მიერ 2007 წლის 26 მარტს კომისიაში წარმოდგენილ იქნა რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
შესაბამისად, კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა 2007 წლის 30 მარტის კომისიის სხდომაზე.
ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამართული აუქციონის მსვლელობისას “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად ჩატარდა წილისყრა კომისიაში განცხადებების წარმოდგენის რიგითობის მიხედვით. წილისყრის შედეგად ”Munir Sukhtian International”-ს წარმომადგენელმა ყუთიდან ამოიღო №1, შპს \"შავი ზღვის ტელეკომი\"-ს წარმომადგენელმა №2, ფიზიკურმა პირმა - კახა ბასილიამ №3, შპს ”ჯეომაქსი+”-ს წარმომადგენელმა №4, შპს ”გამა”-ს წარმომადგენელმა - №5 შესაბამისად, სს ”გლობალ ერთი”-ს წარმომადგენელს წილად ხვდა №6. აუქციონის მსვლელობისას, სს ”გლობალ ერთი”-ს წარმომადგენელმა მე-13 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. ფიზიკურმა პირმა კახა ბასილიამ მე-16 ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შპს ”გამა”-ს წარმომადგენელმა - 33-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შპს ”ჯეომაქსი+”-ს წარმომადგენელმა 76-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. ”Munir Sukhtian International”-ს წარმომადგენლის მიერ ბოლოს დაფიქსირებულ იქნა საწყის ოდენობას დამატებული 80 (ოთხმოცი) ბიჯი, რის შემდეგაც შპს ”შავი ზღვის ტელეკომის” წარმომადგენელმა დაამატა კიდევ 3 (სამი) ბიჯი. ”Munir Sukhtian International”-ს წარმომადგენელმა 84-ე ბიჯის დასახელებაზე უარი განაცხადა და შეწყვიტა აუქციონში მონაწილეობა. შესაბამისად, გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა – ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყის ოდენობას დამატებული 83 (ოთხმოცდასამი) ბიჯი, სულ 6,986,689.60 (ექვსი მილიო ცხრაას ოთხმოცდაექვსი ათას ექვსას ოთხმოცდაცხრა ლარი და სამოცი თეთრი) ლარი დააფიქსირა შპს “შავი ზღვის ტელეკომი”-ს წარმომადგენელმა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”შავი ზღვის ტელეკომი” 3483.5 მჰც¸ 3494.0 მჰც, 3583.5 მჰც¸ 3594.0 მჰც სიხშირულ ზოლებზე ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” დანართ №6-ის მე-2 - მე-10 პუნქტებით გათვალისწინებულ ადგილობრივი მომსახურების ზონებში გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 6,986,689.60 (ექვსი მილიონ ცხრაას ოთხმოცდაექვსი ათას ექვსას ოთხმოცდაცხრა ლარი და სამოცი თეთრი) ლარი.
2. უზრუნველყოს შპს ”შავი ზღვის ტელეკომმა” ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 2,096,006.88 (ორი მილიონ ოთხმოცდათექვსმეტი ათას ექვსი ლარი და ოთხმოცდარვა თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 79,455,45 აშშ დოლარის - კონვერტაციის შედეგად მიღებული 134,279.71 (ას ოცდათოთხმეტი ათას ორას სამოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარი ანუ 1,961,727.17 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდაერთი ათას შვიდას ოცდაშვიდი ლარი და ჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 30 აპრილამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043021;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (4,890,682.72 - ოთხი მილიონ რვაას ოთხმოცდაათი ათას ექვსას ოთხმოცდაორი ლარი და სამოცდათორმეტი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებული ლიცენზიის მაძიებლის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის ყველა მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
ზ.ნონიკაშვილი
