წვდომის მენიუ

შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს-სა ” და სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 179 / 16

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2007

მიღების თარიღი აპრილი 13, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ” ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს-მ”  სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ურთიერთჩართვის  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს-ს” სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” 2005 წლის 25 იანვარს გაფორმებული აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლის  თანახმადაც სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანია” და შპს ” ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”  პირდაპირი დაკავშირების გზით უზრუნველყოფენ ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომხმარებელთა მომსახურებას  ქ. თბილისში.

2007 წლის 19 მარტს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა  სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”   შპს ” ქართულ  სატელეფონო კომპანია ჯტს-ს” მიმართა მათ შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალი პირობებით სხვა  ხელშეკრულების გაფორმების  მოთხოვნით, რაზეც  შპს ”ქართულმა   სატელეფონო კომპანია ჯტს-იმ” მისგან მოითხოვა უფრო დაზუსტებული პირობების მიწოდება. 2007 წლის 26 მარტს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა  სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს-ს” შეუზღუდა კუთვნილი სასადგურო ინდექსი, რის შედეგადაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტთა მხრიდან ზარის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ დამატებითი კოდის 822-ის მეშვეობით, რითაც მას ადგება მატერიალური ზიანი. გარდა ამისა იგი სხვა ოპერატორებთან შედარებით აღმოჩნდა არათანაბარ მდგომარეობაში, რადგანაც სს  ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან”    ადგილობრივ ქსელში დაკავშირება ყველა სხვა ოპერატორთან ხდება პირდაპირ - ექვსნიშნა სასადგურო ინდექსის გამოყენებით.  

შპს   ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”  ითხოვს, კომისიამ დაავალოს  სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეასრულოს 2005 წლის 25 იანვარს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ მიეცეს მომხმარებელს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ის”  კუთვნილ ინდექსზე პირდაპირი დაკავშირების საშუალება. 

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 13 აპრილს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ის” წარმომადგენელები: დ. ჯიქია (გენერალური დირექტორი), ი. ქაშიბაძე (მარკეტინგის მენეჯერი), ლ. ამაშუკელი (იურისტი).  ხოლო  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: დ. გოზალაშვილი (დირექტორის მოადგილე) და უ. სეთური (იურისტი).

შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ის”   წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დღეის მდგომარეობით,  მათი კომპანიის მხრიდან ფუნქციონირებს  პირდაპირი ურთიერთჩართვა ძველი ტარიფით, ხოლო  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან მათ აბონენტებთან ხდება  დაკავშირება 822-ის მეშვეობითა და გაზრდილი ტარიფით, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მათ კომპანიას. შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” ითხოვს   სს  ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  მოახდინოს პირდაპირი ურთიერთჩართვის აღდგენა.

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები: უ. სეთური და დ. გოზალაშვილი არ ეთანხმებიან  შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ის” მოთხოვნას და  კომისიას წარმოუდგინეს შეგებებული განცხადება, სადაც აღნიშნავენ, რომ შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”  არასწორად იყენებს სატელეფონო მომსახურების მიწოდებისათვის   განსაზღვრულ რესურსს, რომელიც კომისიის მიერ მათთვის იქნა გამოყოფილი ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო კავშირისათვის ქ. თბილისის გეოგრაფიულ ზონაში.  იმის გათვალისწინებით, რომ ფიქსირებული ტარიფის გამოყენებით, შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” სადგურიდან აბონენტამდე კავშირს ახორციელებს რადიო ხაზებით, მათ მიაჩნიათ რომ, იგი  არ წარმოადგენს ფიქსირებული ქსელის ოპერატორს და მისი  საქმიანობა არ შეესაბამება კომისიის მიერ გაცემულ ლიცენზიის პირობებს  და მას ესაჭიროება ახალი პირობებისადმი მისადაგება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ისინი კომისიას სთხოვენ, განსაზღვროს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ის” მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  აბონენტებთან დაკავშირებისას განხორციელებულია ადგილობრივი სატელეფონო კავშირი თუ მოძრავი სატელეფონო კავშირი და ამის გათვალისწინებით განიხილოს, ხომ არა აქვს ადგილი შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ის” მხრიდან სალიცენზიო პირობების დარღვევას.   

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ 2005 წლის 25 იანვრის   ურთიერთჩართვის ხელშეკრულება დადებული იყო სამი თვის ვადით შემდგომი პროლონგაციის უფლებით, თუ მხარეები ამ ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე არ შეატყობინებდნენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ. სს ”საქართველოს გაერთიანებულმა  სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” 2007 წლის 19 მარტს წერილით შეატყობინა შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს-ის”, რომ მათი მხარე აღარ აპირებდა აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, აქედან გამომდინარე, ისინი მიიჩნევენ, რომ დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება ძალაში არ არის და შესაბამისად, შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს-ის” მოთხოვნები უსაფუძვლოა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს  შპს  ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს-სა” და  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვა 2007 წლის 20  აპრილს  16:00 საათზე;

2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის თავმჯდომარე:       ზ. ნონიკაშვილი

კომისიის   წევრები:             დ. პატარაია

                                          გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები