კომისიის 2002 წლის 25 ოქტომბრის №407/1 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს ,,ტელეკომპანია თბილისის” N 67 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 19, 2007
მიღების თარიღი აპრილი 13, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებით კომისიის მიერ განხორციელდა სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირება კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით რიგი კომპანიების საეთერო სამაუწყებლო ლიცენზიების მოდიფიცირების საკითხი დამატებითი განხილვისა და შესწავლის მიზნით გადაიდო, მათ შორის შპს ”ტელეკომპანია თბილისის” N67 ლიცენზიის მოდიფიცირების საკითხი .
კომისია აღნიშნავს, რომ წერილით (№6/214-2007) კომისიას მიმართა შპს ”ტელეკომპანია თბილისმა”, რომელმაც მოითხოვა მისი კუთვნილი N67 ლიცენზიის (საერთო საეთერო ტელერადიომაუწყებლობა) მოდიფიცირება სპეციალიზებულ საეთერო ტელერადიომაუწყებლობად: საეთერო სპეციალიზებულ (გასართობ) ტელერადიომაუწყებლობად. კომპანიიის მტკიცებით, აღნიშნული განპირობებულია მათ მიერ საინფორმაციო-პოლიტიკური პროგრამების ჯეროვანი მომზადების შეუძლებლობით არსებული კონკურენციის ფარგლებში.
შპს ”ტელეკომპანია თბილისის” წერილის საფუძველზე კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2007 წლის 9 მარტს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ტელეკომპანია თბილისის” N67 ლიცენზიის მოდიფიცირების მიზნით, ხოლო საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2007 წლის 13 აპრილს.
კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტი (გ. რატიშვილი) აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და შესაძლებლად მიაჩნია შპს ”ტელეკომპანია თბილისის” N67 ლიცენზიის მოდიფიცირება.
,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2002 წლის 25 ოქტომბრის N407/1 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”2. მოდიფიცირებულ იქნას შპს ”ტელეკომპანია თბილისის” N67 ლიცენზია (მოქმედების ვადა 07.09.95-12.12.2011) საეთერო სპეციალიზებულ მუსიკალურ, გასართობ და შემეცნებით ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს № B88
ა) ლიცენზიის სახე: კერძო საეთერო ტელერადიომაუწყებლობა;
ბ) ლიცენზიის სახეობა: საეთერო სპეციალიზებული (გასართობი) ტელერადიომაუწყებლობა;
გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:
ტელემაუწყებლობა 58-ე სატელევიზიო არხზე (ქ. თბილისი)”.
2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (გ. რატიშვილი):
3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “ტელეკომპანია თბილისისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).
კომისიის წევრები: ზ. ნონიკაშვილი
დ. პატარაია
გ. ფრუიძე
