სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 23, 2007
მიღების თარიღი იანვარი 12, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2006 წლის 25 სექტემბერს მიმართა (წერილი N10/167-06 - 25.09.2006) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა პავლე ბერიამ (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველი”) მოთხოვნით, ავტორიზებული პირის - სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მომხმარებელთა (აბონენტების) სატელეფონო კაბელების დაზიანებისა და დაზიანებათა აღმოუფხვრელობის თაობაზე შესულ საჩივრებზე შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.
კომისიამ, საზოგადოებრივი დამცველის განცხადების ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების წესით განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში დართული და სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებეულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ”, ”ე” და ”ზ” ქვეპუნქტები, ასევე ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-15, მე-18, და 21-ე მუხლების მოთხოვნები, აგრეთვე რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
კომისიამ თავის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. კომისიამ აღნიშნა, რომ ქსელის ინტეგრაციისა და დაცულობის შენარჩუნება, ასევე მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვა წარმოადგენს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” უშუალო ვალდებეულებას, რაც განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ხანგრძლივი დროით სატელეფონო მომსახურების შეწყვეტით ცალსახად დარღვეულია. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ, ასევე დარღვეულია მომხმარებელთა გაფრთხილებისა და დაზიანების დროულად აღმოფხვრის რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები. კომისიის აზრით, ყოველივე ზემოაღნიშნული დაუყოვნებლივ გამოსწორებას საჭიროებდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან, რის გამოც ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მეორე პუნქტის ”ბ”, ”ე” და ”ზ” ქვეპუნქტების და 45-ე მუხლის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-15, მე-18, 21-ე მუხლების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 113-ე, 165-ე მუხლის მესამე ნაწილის, 167-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვიტა:
“1. მიეცეს წერილობითი გაფრთხილება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მეორე პუნქტის ”ბ”, ”ე”, ”ზ” ქვეპუნქტებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-15, მე-18, და 21-ე მუხლების დარღვევის გამო;
2. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაუყოვნებლივ დაიწყოს და ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში დაასრულოს სატელეფონო მომსახურებაში დაზიანებათა აღმოფხვრა ქ. თბილისის ბიჭვინთისა და ბაღნარის ქუჩების, ანდრონიკაშვილის ქუჩის მე-2 შესახვევის, ლილოს დასახლების, ბაგების სტუდქალაქის, სამგორის რაიონის მე-2 დასახლებისა და სანერგე მეურნეობის ტერიტორიის მომხმარებლებისათვის სატელეფონო მომსახურების აღდგენის მიზნით;
3. სატელეფონო მოსახურების მიუწოდებლობის პერიოდში მომხმარებელთა მიერ გადახდილი სააბონენტო გადასახადი ჩარიცხოს ამ მომხმარებელთა დეპოზიტზე.”
2006 წლის 27 დეკემბერს კომისიას მიმართა განცხადებით (27.12.2006 - №2/8/653) სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორმა ნურლან საკიპოვმა, რომელმაც მოითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანა და სატელეფონო დაზიანებების აღმოფხვრისათვის დამატებით ორთვიანი ვადის განსაზღვრა.
კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა (კ. ყურაშვილი) შეისწავლა ზემოაღნიშნული განცხადების მოთხოვნა და მიიჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორმა ნურლან საკიპოვის მოთხოვნა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესაბამისად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან სატელეფონო მომსახურებაში დაზიანებათა აღმოუფხვრელობა დაკვალიფიცირდა, როგორც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მეორე პუნქტის ”ბ”, ”ე”, ”ზ” ქვეპუნქტებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-15, მე-18 და 21-ე მუხლების დარღვევა, რის გამოც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” წერილობით გაფრთხილდა;
2. კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტმა განსაზღვრა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ვალდებულება დაუყოვნებლივ დაიწყოს და ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში (2006 წლის 17 დეკემბრამდე) დაასრულოს სატელეფონო მომსახურებაში დაზიანებათა აღმოფხვრა ქ. თბილისის ბიჭვინთისა და ბაღნარის ქუჩების, ანდრონიკაშვილის ქუჩის მე-2 შესახვევის, ლილოს დასახლების, ბაგების სტუდქალაქის, სამგორის რაიონის მე-2 დასახლებისა და სანერგე მეურნეობის ტერიტორიის მომხმარებლებისათვის სატელეფონო მომსახურების აღდგენის მიზნით;
3. კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი, ამავე გადაწყვეტილების მე-4 პუნქტთან ერთად, გულისხმობს დარღვევათა აღმოფხვრის მიზნით სააქციო საზოგადოების მხრიდან კონკრეტული მოქმედებების განხორციელების დაუყოვნებლივ დაწყებას;
4. აღნიშნული გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის კომისიის მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განესაზღვრა კონკრეტული ვადა - ამ გადაწყვეტილების გამოცემიდან ერთი თვე;
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 167-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, კომისიამ ზუსტად განუსაზღვრა სააქციო საზოგადოებას, თუ რა მოქმედების განხორციელება ევალებოდა მას კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის;
6. როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 2006 წლის 27 დეკემბერის განცხადებიდან (27.12.2006 - №2/8/653) და კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის (მ. გოთოშია) 2006 წლის 28 დეკემბრის შემოწმების ოქმიდან (№13/2006) ირკვევა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის მიცემული ვადა გაშვებულ იქნა ისე, რომ იგი არ შესრულებულა: სააქციო საზოგადოების მხრიდან არ აღმოფხვრილა სატელეფონო მომსახურებაში დაზიანებები ქ. თბილისის ბიჭვინთისა და ბაღნარის ქუჩების, ანდრონიკაშვილის ქუჩის მე-2 შესახვევის, ლილოს დასახლების, ბაგების სტუდქალაქის, სამგორის რაიონის მე-2 დასახლებისა და სანერგე მეურნეობის ტერიტორიის მომხმარებლებისათვის სატელეფონო მომსახურების აღდგენის მიზნით;
7. კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული ვადა წარმოადგენს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებისათვის დადგენილ კონკრეტულ პერიოდს, რომელიც სააქციო საზოგადოების მიერ კომისიისათვის მომართვის ეტაპისათვის (27.12.2006) უკვე ამოწურული იყო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნებაყოფლობით შესრულების შესახებ პირისათვის მიცემული ვადის გასვლის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად გამოიყენოს აღსრულების უზრუნველყოფის ამავე მუხლით დადგენლი საშუალებები;
8. გარდა ზემოაღნიშნულისა, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს კომისიის გადაწყვეტილებები, ხოლო ამავე კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, და გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” 2006 წლის 17 ნოემბრის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, უკვე გაფრთხილებულია და გაფრთხილებიდან არ გასულა 1 წელი, კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის, კომისია უფლებამოსილი ხდება დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, ან არანაკლებ 20000 ლარისა;
9. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველსაყოფად, კომისია უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ან ისარგებლოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებით, ან იმოქმედოს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
კომისიამ ფაქტად მიიღო, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილება ნებაყოფლობით არ აღსრულებულა, ამავე გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.
კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შეუსრულებლობით, სატელეფონო მომსახურებების დაზიანებათა აღმოუფხვრელობით კვლავ გრძელდება სააქციო საზოგადოების მიერ მომხარებელთა კანონიერი ინტერესების დარღვევა, შესაბამისად ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მეორე პუნქტის ”ბ”, ”ე”, ”ზ” ქვეპუნქტებისა და ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-15 და მე-18 მუხლების დარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია იყენებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, სააქციო საზოგადოებისა და მათი მომხარებლების საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის უზრუნვესაყოფად და მიზანშეწონილად მიიჩნევს, კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილების აღსასრულებლად გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება - ჯარიმა, კომისიის გადაწყვეტილების დარღვევის ყოველი დღისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სწორედ ჯარიმა უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების ყველაზე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით შესრულებას, მეორე მხრივ აიძულებს სააქციო საზოგადოებას დროულად აღმოფხვრას სატელეფონო მომსახურების დაზიანებები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, 169-ე მუხლის , 171-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე;
2. კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულ იქნას ჯარიმა გადაწყვეტილების დარღვევის ყოველი დღისათვის 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმის საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს (გამოყენების მაქსიმალური პერიოდი - 62 დღე);
3. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ჯარიმის გადახდა ამ გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, შემდეგი საბანკო რეკვიზიტების მიხედვით: ხაზინის ერთიანი ანგარიში: 200122900, საქართველოს ეროვნული ბანკი, ბანკის კოდი - 220101107, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300031116.
4. აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება შეწყდეს კომისიის 2006 წლის 17 ნოემბრის №492/22 გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან” შეტყობინების მიღებისა და კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის (მ. გოთოშია) შესაბამისი დამადასტურებელი შემოწმების ოქმის წარმოდგენისთანავე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” და კომისიასთან მოქმედ მომხარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან დაგზავნა.
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ფრუიძე
წევრები: დავით პატარაია
ზურაბ ნონიკაშვილი