შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს-სა ” და სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2007
მიღების თარიღი აპრილი 20, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ” ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს-მ” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.
შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” 2005 წლის 25 იანვარს გაფორმებული აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” პირდაპირი დაკავშირების გზით უზრუნველყოფენ ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომხმარებელთა მომსახურებას ქ. თბილისში.
2007 წლის 19 მარტს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ” ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს-ს” მიმართა მათ შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალი პირობებით სხვა ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით, რაზეც შპს ” ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს-მ” მისგან მოითხოვა უფრო დაზუსტებული პირობების მიწოდება. 2007 წლის 26 მარტს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს-ს” შეუზღუდა კუთვნილი სასადგურო ინდექსი, რის შედეგადაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტთა მხრიდან ზარის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ დამატებითი ნუმერაციის რესურსის 822-ის მეშვეობით, რითაც მას ადგება მატერიალური ზიანი, გარდა ამისა იგი სხვა ოპერატორებთან შედარებით აღმოჩნდა არათანაბარ მდგომარეობაში, რადგანაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან” ადგილობრივ ქსელში დაკავშირება ყველა სხვა ოპერატორთან ხდება პირდაპირ - სასადგურო ინდექსის გამოყენებით.
შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” ითხოვს, კომისიამ დაავალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეასრულოს 2005 წლის 25 იანვარს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ მიეცეს მომხმარებელს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ის” კუთვნილ ინდექსზე პირდაპირი დაკავშირების საშუალება.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 13 აპრილს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა და მიღებულ იქნა № 179/16 გადაწყვეტილება - შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს-სა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
2007 წლის 20 აპრილს აღნიშნულ საკითხზე კომისიაში გაიმართა დავის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ის” წარმომადგენელები: დ. ჯიქია (გენერალური დირექტორი), ი. ქაშიბაძე (მარკეტინგის მენეჯერი), ლ. ამაშუკელი (იურისტი); ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: ლ. გოზალიშვილი (დირექტორის მოადგილე) და უ. სეთური (იურისტი).
შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ის” წარმომადგენლებმა აღნიშნეს რომ, დღეის მდგომარეობით, მათი კომპანიის მხრიდან ფუნქციონირებს პირდაპირი ურთიერთჩართვა ძველი ტარიფით, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან მათ აბონენტებთან ხდება დაკავშირება 822-ის მეშვეობითა და გაზრდილი ტარიფით, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს მათ კომპანიას. შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია” ითხოვს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” აღადგინოს მის კუთვნილ ინდექსზე პირდაპირი დაკავშირების საშუალება.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები: უ. სეთური და ლ. გოზალიშვილი არ ეთანხმებიან შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ის” მოთხოვნას და კომისიას წარმოუდგინეს შეგებებული განცხადება, სადაც აღნიშნავენ, რომ შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” არასწორად იყენებს სატელეფონო მომსახურების მიწოდებისათვის განსაზღვრულ რესურსს, რომელიც კომისიის მიერ მათთვის იქნა გამოყოფილი ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო კავშირისათვის ქ. თბილისის გეოგრაფიულ ზონაში. იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” სადგურიდან აბონენტამდე კავშირს ახორციელებს რადიო ხაზებით, მისთვის მინიჭებული ნუმერაციის რესურსი ვრცელდება არამარტო თბილისის შიდა ზარებზე, არამედ იგი ვრცელდება რუსთავის და მცხეთის ზონაზეც, რითაც, მათ მიაჩნიათ, რომ მის მიერ დარღვეულია ნუმერაციის რესურსით სარგებლობისათვის განსაზღვრული ზონური პრინციპი. ამას გარდა, მას დამატებით გააჩნია ყველა ის მომსახურება, რაც სხვა მობილურ კომპანიებს გააჩნიათ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებს მიაჩნიათ რომ, იგი არ წარმოადგენს ფიქსირებული ქსელის ოპერატორს და კომისიის წინაშე აყენებენ შუამდგომლობას განსაზღვროს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებთან დაკავშირებისას ახორციელებს ადგილობრივ სატელეფონო კავშირსა თუ მობილურ სატელეფონო კავშირს. ამ საკითხის გადასაწყვეტად, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა კომისისაგან მოითხოვა ექსპერტიზის დანიშვნა და მასში დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვა.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებმა დამატებით აღნიშნეს, რომ 2005 წლის 25 იანვრის ურთიერთჩართვის ხელშეკრულება დადებული იყო სამი თვის ვადით შემდგომი პროლონგაციის უფლებით, თუ მხარეები ამ ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე არ შეატყობინებდნენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ. სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” 2007 წლის 19 მარტს წერილით შეატყობინა შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს-ს”, რომ მათი მხარე აღარ აპირებდა აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, აქედან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება ძალაში არ არის და მათი მხარე რიგი არსებითი პირობების განსაზღვრის შემდგომ მოახდენს ახალი ხელშეკრულების პროექტის წარდგენას მეორე მხარისათვის.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ურთიერთჩართვა უნდა ხორციელდებოდეს ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” კომისიის 808/22 გადაწყვეტილების საფუძველზე მიჩნეულია ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტად და ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ არადისკრიმინაციული პირობების დადგენა მოიცავს მომსახურების ერთგვაროვანი პირობების, მათ შორის: მომსახურების ხელმისაწვდომობის, ხარისხის, ტარიფების, მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა არსებითი ინფორმაციის გამჭვირვალობას, ასევე ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებას იმგვარი პირობებით, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე არსებითად მსგავსი ურთიერთობების შემთხვევებში, დაშვების მიმწოდებელი ოპერატორის სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული და სხვა ავტორიზებული პირისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს-ს” აბონენტებთან დაკავშირება დამატებითი ნუმერაციის 822-ის აკრეფვის დაწესებით დავის საბოლოო გადაწყვეტამდე დაუშვებელია, ვინაიდან, იმ შემთხვევაში თუ შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” მიჩნეულ იქნება ფიქსირებულ ოპერატორად, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე, ის სხვა კომპანიების მსგავს მდგომარეობაში უნდა იყოს ჩაყენებული, თუ კი ის საბოლოოდ ჩაითვლება მობილურ კომპანიად, მაშინ დამატებითი ნუმერაცია 822 ამ შემთხვევაშიც გაუქმებას დაექვემდებარება, რადგანაც, მობილური კომპანიის შემთხვევაში გამოიყენება მობილურში შეღწევადობის სამნიშნა რესურსი, რომელსაც აუქციონის გზით იღებს ავტორიზებული პირი.
რაც შეეხება, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელთა მიერ კომისიის წინაშე დაყენებულ შუამდგომლობას - კომისიის მიერ განისაზღვროს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ის მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტებთან დაკავშირებისას განხორციელებულია ადგილობრივი სატელეფონო კავშირი თუ მობილური სატელეფონო კავშირი, ამ საკითხის გადაწყვეტისათვის, კომისია მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელთა შუამდგომლობა დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ექსპერტიზის ჩატარების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და საბოლოოდ მათ მიერ წარმოდგენილი დასკვნის შემდეგ შეაფასებს ამ საკითხს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19, 21-ე, 29-ე და 42-ე მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დავის საბოლოო განხილვამდე, დაკმაყოფილდეს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს მოთხოვნა და დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-სთან ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა დამატებითი ნუმერაციის 822-ის გამოყენების გარეშე;
2. დაინიშნოს ექსპერტიზა დამოუკიდებელი ექსპერტების შემადგენლობით, შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ის მიერ განხორციელებული სატელეფონო მომსახურების სახეობის განსასაზღვრად;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე:
ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრები:
დ. პატარაია
გ. ფრუიძე
