შპს ”ახტელსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 17, 2007
მიღების თარიღი იანვარი 05, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”ახტელმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და კაბელების ჩაჭრით აბონენტთა გათიშვის ფაქტები.
შპს ”ახტელს” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული №8 ხელშეკრულების თანახმად, ნაქირავები აქვს სახაზო წყვილები, რომლის ქირასაც თანახმად ხელშეკრულების პირობებისა იხდის შპს ”ახტელი”. შპს ”ახტელის” განცხადებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს კაბელების ხელოვნურად დაზიანების შემთხვევებს, კერძოდ მის მიერ გადაჭრილ იქნა ის კაბელები, რომელშიც შპს ”ახტელს” ნაქირავები აქვს წყვილები, რის შედეგადაც ამჟამად გათიშულია 81 აბონენტი. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” გათიშულ აბონენტებს სთავაზობს მის მომსახურებას თუ ისინი გადავლენ 78-ის ასს-ზე, რითაც სახეზეა არაკეთილსინდისიერი კონკურენცია.
შპს ”ახტელი” ითხოვს, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 5 იანვარს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ახტელის” წარმომადგენელები: ნ. ჟღენტი, ხ. ინჯია, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: უ. სეთური და დ. ვადაჭკორია.
შპს ”ახტელის” წარმომადგენელებმა აღნიშნეს რომ, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება იმაში რომ, აღნიშნული კომპანია დაზიანებულ აბონენტებს ნაცვლად გადაჭრილი კაბელების აღდგენისა სთავაზობს საკუთარ მომსახურებას, სულ ასეთი გადაბირების 18 ფაქტს ჰქონდა ადგილი.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები: უ. სეთური და დ. ვადაჭკორია არ დაეთანხმნენ შპს ”ახტელის” წარმომადგენელების განცხადებას და აღნიშნეს რომ, ადგილი არ ჰქონია კაბელების განზრახ დაზიანებას, ხოლო შემდეგ სხდომაზე კომისიას ისინი წარმოუდგენენ მტკიცებულებებს დაზიანებული კაბელების აღდგენის შესახებ. ისინი, ამასთან, შპს ”ახტელისაგან” ითხოვენ კომისიას წარმოუდგონოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზიანების აღდგენის საკონტროლო ვადები, რაც მათ მიერ ვერ იქნა მოპოვებული. დავის გადაწყვეტის მიზნით, ასევე ითხოვენ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმებულ იქნას კაბელების დაზინების ფაქტი და დაზიანების საფუძველი.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შპს ”ახტელის” განცხადებაში მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად 2006 წლის 30 ნოემბერს ერთხელ უკვე ჩატარებულ იქნა მონიტორინგი, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ქ. თბილისის მეტრომშენის დასახლების მე-11 კარადაში კაბელის გაწყვეტისა და შპს ”ახტელის” მიერ მითითებული აბონენტების გათიშვის ფაქტები დასტურდება. დღეის მდგომარეობით აღმოფხვრილია თუ არა არსებული დაზიანებები, ამ საკითხის გასარკვევად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დაკმაყოფილდეს სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” შუამდგომლობა განმეორებითი შემოწმების ჩატარების თაობაზე, ხოლო რაც შეეხება დაზინების საფუძველს, კომისიის აზრით, მისი დადგენა სცდება მის კომპეტენციას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს ”ახტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2007 წლის 18 იანვარს 16:00 საათზე;
2. დაევალოს კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტს შპს ”ახტელის” განცხადებაში მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად განმეორებითი შემოწმების ჩატარება არა უგვიანეს 16 იანვრისა;
3. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის წევრები:
დ. პატარაია
გ. ფრუიძე
ზ. ნონიკაშვილი
