სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”ულტრაკომუნიკაციებთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2007
მიღების თარიღი აპრილი 27, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა შპს ”ულტრაკომუნიკაციებთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”ულტრაკომუნიკაციებს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელმაც 2007 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 105 591.35 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ულტრაკომუნიკაციების” მხრიდან ვალი ნაწილობრივ აღიარებულია (96 319.31 ლარის ოდენობით), რასაც ადასტურებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” და შპს ”ულტრაკომუნიკაციების” მთავარი ბუღალტრების მიერ 2006 წლის 1 სექტემბერს შედგენილი ურთიერთშედარების აქტი.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. აღიარებული დავალიანების (96 319.31 ლარი) დასაფარად მიეცეს ვადა შპს ”ულტრაკომუნიკაციებს ” 2007 წლის18 მაისამდე;
2. შპს ” ულტრაკომუნიკაციების ” მხრიდან აღიარებული დავალიანების 18 მაისამდე სრულად არ დაფარვის შემთხვევაში, მიეცეს უფლება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეაჩეროს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ზემოაღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
დ. პატარაია
