შპს ”ჯეოტელის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2007
მიღების თარიღი აპრილი 27, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე - 3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, იგი უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის სამსახურებრივი ბარათის (2007 წლის 12 იანვარი) შესაბამისად ირკვევა, რომ შპს ”ჯეოტელს” კომისიაში არ აქვს წარმოდგენილი ინფორმაცია კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მოდიფიცირების შესახებ თანდართული ფორმის შესაბმისად, რომელიც კომისიის მიერ არაერთგზის იქნა წერილობით მოთხოვნილი(01.12.2006 №01/1545-06).
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში 2007 წლის 13 აპრილს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ჯეოტელის” გაფრთხილების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს ”ჯეოტელმა” კომისიაში წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია, რასაც ადასტურებს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიაჩნია, რომ აღარ არსებობს შპს ”ჯეოტელის” გაფრთხილების საფუძველი.
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს “ჯეოტელის” გაფრთხილების თაობაზე;
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “ჯეოტელისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
