შპს ”ბლუმფინ ლიმიტედ”-ის გაფრთხილების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 01, 2007
მიღების თარიღი აპრილი 27, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე - 3 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის თანახმად, იგი უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათისა (2007 წლის 3 აპრილი) და 2007 წლის 12 მარტის შემოწმების აქტის შესაბამისად ირკვევა, რომ შპს ” ბლუმფინ ლიმიტედ”-ის მიერ არ სრულდება, კომისიის 2006 წლის ათი მარტის №99/1 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის მოთხოვნა, კერძოდ კომპანია ვალდებული იყო პრაქტიკული საქმიანობის დაწყება უზრუნველეყო ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, რაც შპს ’ბლუმფინ ლიმიტედ”-ის მიერ არ განხორციელებულა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში 2007 წლის 13 აპრილს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ’ბლუმფინ ლიმიტედ”-ის გაფრთხილების თაობაზე. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს ’ბლუმფინ ლიმიტედ”-ს კომისიაში არ წარმოუდგენია მტკიცებულება ან შუამდგომლობა კომპანიის გაფრთხილების საკითხთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს დადასტურებულად მიაჩნია შპს ’ბლუმფინ ლიმიტედ”-ის მიერ კომისიის 2006 წლის 10 მარტის №99/1 გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება კომპანიის მიერ განსაზღრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობით.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაფრთხილდეს შპს “ბლუმფინ ლიმიტედ”-ი კომისიის 2006 წლის 10 მარტის №99/1 გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო;
2. შპს “ბლუმფინ ლიმიტედ”-ს მიეცეს 2 თვის ვადა, რათა უზრუნველყოს კომისიის 2006 წლის 10 მარტის №99/1 გადაწყვეტილების შესრულება და აღნიშნულ ვადაში კომისიაში წარმოადგინოს ინფორმაცია პრაქტიკული საქმიანობის დაწყების შესახებ;
3. “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, შპს “ბლუმფინ ლიმიტედ”-ს ერთი წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი ბოლო თორმეტი კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 (ათი ათასი) ლარისა;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “ბლუმფინ ლიმიტედ”-ისთვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე
ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
