წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ

ნომერი: 221 / 21

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 26, 2007

მიღების თარიღი აპრილი 27, 2007

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2006 წლის კომისიის დამტკიცებული ბიუჯეტის წლიური გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის წლიურმა დარიცხულმა შემოსავალმა რეგულირების საფასურის მიხედვით ნაცვლად 2006 წლის წლიური ბიუჯეტით გათვალიწინებული 5,200,000.00  (ხუთი მილიონ ორასი ათასი) ლარისა, შეადგინა 6,386,423.11(ექვსი მილიონ სამას ოთხმოცდაექვსი ათას ოთხას ოცდასამი და 11) ლარი (ანგარიში თან ერთვის ცხრილი 1), რაც 1,186,423.11 ლარით მეტია ბიუჯეტით დამტკიცებულ მაჩვენებელზე. დარიცხული შემოსავლების ზრდის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ლიცენზირებული ოპერატორების მიერ 2005 წლის „რეგულირების საფასური“-ს გაანგარიშებების დაგვიანებით წარმოდგენა ანუ 2005 წლის გარკვეული შემოსავლების დამატება 2006 წლის წლიურ შემოსავლებზე.

     მიუხედავად 2006 წლის შემოსავლების ზრდისა, გეგმიურთან შედარებით 1,491,095.56 ლარით მეტია კომისიის 2006 წლის მთელი წლის ხარჯვითი ნაწილი, რომელმაც 5,074,752.00 ლარის ნაცვლად შეადგინა  6,491,095.56 ლარი. ხარჯვითი ნაწილის დაფინანსება განხორციელდა კომისიის გასულ წლებში მიღებული ფინანსური რეზერვის ფონდიდან.

       კომისია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ხარჯვითი ნაწილის უმრავლეს პუნქტებში მიღებული ეკონომიისა, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეულ მუხლებში მაინც აღინიშნა გადახარჯვები. 2006 კალენდარულ წელს ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია, საოპერაციო, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცალკეული პრიორიტეტული მუხლების დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით კომისიამ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მიზანშეწონილად ჩათვალა, ცალკეულ შემთხვევებში, საოპერაციო დანახარჯების მუხლებში კორექტირების შეტანა და ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომიით გამოთავისუფლებული დამატებითი ფინანსური რესურსების და გასულ წლებში არსებული ფინანსური რეზერვის საშუალებით დაეფინანსებინა სხვა პრიორიტეტული მუხლები.   კერძოდ:

      კომუნიკაციის, ელექტროენერგიისა და წყლის ხარჯმა შეადგინა 191,433.61 ლარი, საიდანაც კომუნიკაციის წლიური ხარჯი შეადგენს 149,549.30 ლარს, რომელშიც 2006 წლის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელმა, კომისიის ინტერნეტის და რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის სადგურებთან (ურთას მთა, ძეგვის მთა) კავშირისთვის თბილისი-ფოთის ციფრული (ოპტიკურ-ბოჭკოვანი) არხის იჯარის მომსახურებამ შეადგინა 42,073.75 ლარი; ბუნებრივი აირის ხარჯი - 4,902.92 ლარს, წყლის ხარჯი - 5,042.30 ლარს ხოლო ელექტრო ენერგიის ხარჯი 31,939.09 ლარს შეადგენს;

      მივლინების ხარჯების ზრდა გამოწვეულია კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისათვის, აუცილებელი და მიზნობრივი მივლინებების ფაქტიური დაფინანსებით, რომელთაგან აღსანიშნავია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ციფრული მაუწყებლობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და ახალ სამაუწყებლო სტანდარტებთან და სიხშირეების საერთაშორისო კოორდინირებულ განაწილებასთან დაკავშირებულ სამუშაო კონფერენციებში და ჯგუფებში (რადიოკავშირის რეგიონალური კონფერენცია RRC, რადიოკავშირის მსოფლიო კონფერენცია ITU)  მონაწილეობა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ყოველკვირეული მივლინებები, რომლებიც ძირითადად ემსახურება ლიცენზიანტი კომპანიების სალიცენზიო პირობების და რადიოელექტრონული მოწყობილობების პელინგაციას და ტექნიკური მახასიათებლების ადგილზე შემოწმებას.   

      კომისიის სხვა საერთო ხარჯების მუხლით მიღებული გადახარჯვა გამოიწვია კომისიის მიერ სარეკლამო სააგენტოების მეშვეობით კომისიაში გასამართი აუქციონების განცხადებების გავრცელების ღირებულებამ, რამაც 2006 წლის ფაქტიური მონაცემების მიხედვით შეადგინა 50,067.40 ლარი, შენობის დაცვის ხარჯებმა – 31,680.00 ლარი, კონდიციონერების გადატანის, მონტაჟისა და რემონტის ფაქტიურმა ხარჯებმა - 4,887.04 ლარი, სადაზღვევო ხარჯებმა - 53,253.23 ლარი, სანიტარული მომსახურების ხარჯებმა -2,934.00 ლარი, სამეურნეო ხარჯებმა - 42,470.02 ლარი, ავტო-მანქანებით მომსახურების ხარჯებმა - 6,878.58 ლარი, ხოლო 2006 წლის გეგმით გაუთვალისწინებელმა ელექტრომაგნიტურ თავსებადობისა და ხელშეშლებზე დაკვირვების სამსახურის მომსახურების ხარჯებმა  შეადგინა 129,817.79 ლარი, ვინაიდან სიხშირული სპექტრის მონიტორინგისა და დაგეგმარების პროგრამულ-ტექნიკური სისტემის აღჭურვილობის ექსპლუატაციაში შესვლის ვადებთან დაკავშირებულ პირობებში შეტანილმა კორექტივებმა და აქედან გამომდინარე ტექნიკური მიზეზების გამო, სამსახურის შეფერხებით ამუშავებამ განაპირობა;

     ავტომანქანების საწვავის, შენახვისა და რემონტის ხარჯებმა 2006 წლის ფაქტიური დანახარჯების მიხედვით შეადგინა 140,545.72 ლარი. ხარჯვითი ნაწილის გაზრდა გამოიწვია კომისიის საჭიროებისათვის ავტომანქანების რაოდენობის გაზრდამ და  რადიომონიტორინგის სტაციონარული სისტემის სადგურებთან (ურთას მთა, ძეგვის მთა) მუდმივმა და რეგულარულმა მიმოსვლამ და მონიტორინგის ჯგუფის მუშა გასვლებმა.

     ძირითადი საშუალებების შეძენაზე გაწეულმა დანახარჯებმა 2,557,996.12 ლარი ანუ შესაბამის პერიოდში ბიუჯეტით დამტკიცებულზე 1,257,996.12 ლარით (96.77%-ით) მეტი შეადგინა, რაც ძირითადად, სიხშირული სპექტრის მონიტორინგის ტექნიკური აღჭურვილობის შეძენით და ექსპლუატაციაში შესვლით არის განპირობებული;

       ამავე დროს, 2006 წლის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში წლიური შედეგების მიხედვით მიღებულია ეკონომია. კერძოდ:

       საკანცელარიო, საფოსტო, ჟურნალ-გაზეთების შეძენისა და პოლიგრაფიული მომსახურების  წლიურმა დანახარჯებმა 42,826.94 ლარი ანუ დაგეგმილზე - 7,173.06 ლარით ნაკლები შეადგინა. მათ შორის: საკანცელარიო ხარჯებმა შეადგინა - 12,418.45 ლარი, საფოსტო ხარჯებმა - 9,143.19 ლარი, პოლიგრაფიულმა ხარჯებმა – 9,151.00.  ლარი, ხოლო ჟურნალ-გაზეთების გამოწერის  ხარჯებმა – 12,114.30 ლარი;

     კომისიის ოფისის მიმდინარე რემონტზე 2006 წელს ხარჯები არ გაწეულა, ამ მუხლით კომისიის ბიუჯეტით გამოყოფილი იყო 60,000.00 ლარი.

     ეკონომიაა აგრეთვე შრომის ანაზღაურების ფაქტიურ წლიურ ხარჯებში, რომელმაც საბიუჯეტო ანარიცხების ჩათვლით  დამტკიცებულზე 46,177.61 ლარით ნაკლები შეადგინა. შრომის ანაზღაურების დანახარჯების მუხლი მოიცავს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შრომის ანაზღაურების თანხას.

     კონფერენციების ჩატარების, მუშა სემინარების, კვალიფიკაციის ამაღლების, სპეციალისტთა და ექსპერტთა მომსახურებისა და სხვა ხარჯები წლიური ფაქტიური მონაცემების მიხედვით შეადგენს 31,478.55 ლარს, რაც  48,521.45 ლარით ანუ 39,35%-ით ნაკლებია კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულზე;   

    სამეცნიერო და საკონსულტაციო სამუშაოთა ხარჯებმა შეადგინა 6,500.00 ლარი ანუ კომისიის ბიუჯეტით დამტკიცებულზე 43.5%-ით ნაკლები;     

      ეკონომიაა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ძირითად ხარჯვით ნაწილშიც, რომელმაც ნაცვლად ბიუჯეტით გათვალისწინებული 40,000.00 ლარისა შეადგინა 1,425.62 ლარი, აღნიშნულ პუნქტში არ შედის სამსახურის შრომის ანაზღაურების თანხა.

      კომისია აღნიშნავს, რომ 2006 წლის მდგომარეობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ 2001 წლიდან დღემდე ჩარიცხული თანხების (მოსაკრებელი, სალიცენზიო გადასახდელი) რაოდენობამ შეადგინა 6,203,769.08 ლარი, რომელიც მთლიანად იქნა გადარიცხული სახელმწიფო ბიუჯეტში, ამასთან კომისიის მიერ ჩატარებული აუქციონების და კონკურსების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულია 148,101,128.13 ლარი.

      მ/წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ლიცენზიის მფლობელი 37 კომპანიის მხრიდან, სალიცენზიო გადასახდელების დავალიანება შეადგენს 187,242.37 ლარს (ფორმა №3).

კომისია აღნიშნავს, რომ  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  “რეგულირების საფასურის ოდენობაა ავტორიზებული პირის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ერთობლივ შემოსავალსა (დღგ-ის გარეშე) და იმავე საანგარიშო თვეში სხვა ავტორიზებული პირების მიერ დაშვების ან/და ურთიერთჩართვის გაწეულ მომსახურებაზე აღიარებულ გადასახდელებს შორის სხვაობის 1 პროცენტი. ავტორიზებული პირები ვალდებული არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური”.

ხოლო “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად: “რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაა არა უმეტეს 1 პროცენტი ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან, რომელშიც შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე). რეგულირების ყოველწლიური საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელის  შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველთვიურად ფაქტობრივად მიღებული შემოსავლიდან გამომდინარე. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური და წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით”.

     კომისიაში წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებების ანალიზიდან ირკვევა, რომ მ/წლის 31  დეკემბრის მდგომარეობით  ბოლო 3 და მეტი თვის განმავლობაში არ წარმოუდგენია რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები  ლიცენზიის მფლობელ 84 კომპანიას  (ფორმა № 4), რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები წარმოადგინა და საფასური არ გადაუხდია ლიცენზიის მფლობელ 3 კომპანიას (ფორმა № 5) და რეგულირების ყოველწლიური საფასური გადაიხადა და  გაანგარიშებები არ წარმოუდგენია ლიცენზიის მფლობელ 4 კომპანიას (ფორმა № 6).

     ნულოვანი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები წარმოადგინა 7 კომპანიამ  (ფორმა № 7).

     ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ, მ/წლის 31  დეკემბრის  მდგომარეობით, დარიცხულმა რეგულირების საფასურის თანხამ შეადგინა 6,386,423.11 ლარი, ხოლო მთლიანმა დავალიანებამ მ/წლის 31 დეკემბრის  მდგომარეობით შეადგინა – 1,414,002.58 ლარი (ფორმა №8), რომელიც ერიცხებათ  ლიცენზიის მფლობელ 69 კომპანიას.

     ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

     გადაწყვიტა:

1. მიღებულ იქნეს ცნობად კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ი.აბულაძის ინფორმაცია კომისიის 2006 წლის ბიუჯეტის მუხლების შესრულების შესახებ;

2. დამტკიცდეს წარმოდგენილი 2006 წლის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები:

დარიცხული შემოსავლები, მათ შორის:

  ა) რეგულირების საფასური---------------------------------6,386,423.11 ლარი;

 ბ) საოპერაციო ხარჯები-------------------------------------3,933,099.44 ლარი;

 გ) ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები----------2,557,996.12 ლარი;

 დ) ხარჯების შემოსავლებზე გადამეტება----------------- 104,672.45 ლარი;                                    

3. დამტკიცდეს 2006 წლის ბოლოსთვის კომისიის ხარჯების შემოსავლებზე გადამეტება 104,672.45  ლარის ოდენობით;

4. დაევალოთ კომისიის აპარატის მონიტორინგის, მაუწყებლობის რეგულირების და საფინანსო დეპარტამენტებს, სისტემატური კონტროლი დააწესონ ლიცენზიის მფლობელთა მხრიდან სალიცენზიო პირობების დაცვის უზრუნველყოფაზე;

5. კომისიის აპარატის შესაბამისმა დეპარტამენტებმა ხელი შეუწყონ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N12 დადგენილებით დამტკიცებული “რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ“ ნორმატიული აქტის შესრულებას;

6. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს ლიცენზიის მფლობელთა მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობის ან/და კომისიაში შესაბამისი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1-ა) ერთი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

კომისიის თავჯდომარე                                           ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრები                                                   დ.პატარაია

                                                                               გ.ფრუიძე                                                                 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები