წვდომის მენიუ

შპს ”ინფოტელსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 223 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 10, 2007

მიღების თარიღი მაისი 04, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”ინფოტელმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან 2006 წლის 11 აგვისტოს შპს ”ინფოტელთან” დადებული სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა. შპს ”ინფოტელის” განცხადებით, ის განთავსებული იყო ფაბრიციუსის ქუჩაზე, რომელიც წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის მშენებლობის შემდგომ მის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის გამოც მან შეიცვალა მდებარეობა და გადავიდა სხვა მისამართზე.  შპს ”ინფოტელმა”  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მიმართა თხოვნით, გაეცა ტექნიკური პირობა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციაში შპს ”ინფოტელის” ახალი მისამართიდან ასს-37-მდე სპილენძის 20-წყვილიანი კაბელის და ასს-91 -მდე და ასს-33/36-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარებისათვის, რაზეც სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის”   მხრიდან თანხმობა ვერ მიიღო.

შპს ”ინფოტელი” ითხოვს, კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს დაავალოს გასცეს ნებართვა მის მიერ მოთხოვნილ მისამართზე კაბელის ჩასადებად.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 4 მაისს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს  ”ინფოტელის” წარმომადგენელები:                        გ. ჯანგირაშვილი (კომერციული დირექტორი) და ლ. გორხელაშვილი (იურისტი), ხოლო  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: უ. სეთური (იურისტი).

შპს  ”ინფოტელის” წარმომადგენელებმა აღნიშნეს რომ,  სს  ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება იმაში რომ, აღნიშნული კომპანია სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 2.1.2 და 2.1.3 მუხლების მიხედვით ვალდებულია შპს ”ინფოტელის” მოთხოვნის შესაბამისად გასცეს ტექნიკური პირობა ახალი კაბელის სატელეფონო კანალიზაციაში გატარების თაობაზე, რაც მიუხედავად მისი არაერთგზის მოთხოვნისა, სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან არ სრულდება.

სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა უ. სეთურმა აღნიშნა, რომ მისდამი რწმუნებულ კომპანიას შპს  ”ინფოტელის” მიერ  მოთხოვნილ ახალ მიმართულებაზე კაბელის ჩადების ტექნიკური საშუალება არ გააჩნია, მაგრამ სანაცვლოდ სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანია” სთავაზობს მათ ალტერნატიულ მარშრუტს. შპს  ”ინფოტელის”  წარმომადგენელი არ დაეთანხმა მის წინადადებას, ვინაიდან, მისი თქმით, სხვა ინფორმაცია გააჩნიათ  კაბელის ჩადებისთვის ტექნიკური საშუალების შესახებ და კომისიას სთხოვა შპს ”ინფოტელის”   მიერ მოთხოვნილ მარშრუტზე კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობის შემოწმება.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   დაინიშნოს  შპს  ”ინფოტელსა” და  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვა 2007 წლის 18 მაისს 16:00 საათზე;

2.  დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს შპს ”ინფოტელის” მოთხოვნის შესრულების ტექნიკური შესაძლებლობის შემოწმება და შესაბამისი შემოწმების აქტის წარმოდგენა ერთი კვირის ვადაში;

3.   დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

5.      გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის თავმჯდომარე

ზ. ნონიკაშვილი

 წევრები:                                                        

დ. პატარაია

 გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები