სს ” საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”ინფოტელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2007
მიღების თარიღი მაისი 04, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, და მოითხოვა შპს ”ინფოტელთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”ინფოტელს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელმაც 2007 წლის 1 მარტის მდგომარეობით შეადგინა 70046.83 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ინფოტელის ” მხრიდან ვალი ნაწილობრივ აღიარებულია 53408,86 ლარში, რაც დასტურდება შპს ”ინფოტელის” 12 აპრილის შეგებებული განცხადებით, სადაც თავის მხრივ შპს ”ინფოტელი” ითხოვს სს ”გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციაში ახალი კაბელის ჩადებაზე მისგან თანხმობის გაცემას, თანახმად ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ინფოტელის” შეგებებულ განცხადებაში დასმული საკითხი წარმოადგენს ისეთ სადაო საკითხს, რომელიც მოითხოვს განხილვას ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად, რის გამოც ეს საკითხი ცალკე წარმოებად უნდა გამოიყოს.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”
კომისიის 2007 წლის 4 მაისის სხდომაზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა, შედგეს 6 თვეზე გაწერილი გადახდის გრაფიკი დავალიანების დაფარვის მიზნით, ამასთან, მან მოითხოვა შპს ”ინფოტელის” მხრიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენა. შპს ”ინფოტელის” წარმომადგენელმა ლევან გორხელაშვილმა განაცხადა, რომ იგი საბანკო გარანტიას ვერ წარმოადგენდა, ვინაიდან აღნიშნული დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო გადახდის გრაფიკის გაწერა მოითხოვა 12 თვეზე და ისიც, იმ პირობით თუ მეორე მხარე დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას ახალი კაბელის ჩადებაზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციაში.
მხარეთა პოზიციის შეჯერების, ანალიზის, ყოველმხრივი გამოკვლევისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წინაშე არსებული შპს ”ინფოტელის” აღიარებული დავალიანების დაფარვის მიზნით, მხარეებმა შეადგინონ 6 თვეზე გაწერილი დავალიანების დაფარვის გრაფიკი და წარმოადგინონ მისი ასლი კომისიაში;
2. შპს ”ინფოტელის” მხრიდან გადახდის გრაფიკის დარღვევის ან დავალიანების შემდგომი გაზრდის შემთხვევაში მიეცეს უფლება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეაჩეროს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება ზემოაღნიშნული დავალიანების სრულად დაფარვამდე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
