შპს ’სუფსა ტექნოკომის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2007
მიღების თარიღი იანვარი 12, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის და კომისიის 2004 წლის №149/20 გადაწყვეტილების საფუძველზე, 2006 წლის 15 დეკემბერს კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ბატონმა მიხეილ გოთოშიამ ჩაატარა შპს ”სუფსა ტექნოკომის” (ავტორიზირებული 10.05.06 №111/1) შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი №09/2006. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ”შპს ”სუფსა ტექნოკომს” არ წარმოუდგენია კომისიაში ინფორმაცია სატელეფონო ტრაფიკების შესახებ, რითაც დარღვეულია კომისიის 2004 წლის №149/20 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტი და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი.”
შპს ”სუფსა ტექნოკომის” დირექციის განცხადებით, მათი ”ხაზი სარგებლობს ”ტელეკომის” ხაზით, რადგან მათი ადგილობრივი სატელოფონო სადგური არის ძველი და ამიტომაც ვერ ხერხდება შემოსული და გასული ნომრების სრული სახით დაფიქსირება, მაგრამ ახლო მომავალში სავარაუდოდ 2007 წლის იანვრიდან მოახერხებენ პროგრამის სრულყოფას და ინფორმაციის კომისიაში წარმოდგენას.”
”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს ”სუფსა ტექნოკომის” გაფრთხილების თაობაზე;
2. შპს ”სუფსა ტექნოკომის” გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2007 წლის 26 იანვარს 16:00 სთ-ზე, მისამართი: ალ, ყაზბეგის გამზ. №42;
3. შპს ”სუფსა ტექნოკომს” უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”სუფსა ტექნოკომი”-სათვის დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ფრუიძე
კომისიის წევრი: დ. პატარაია
ზ. ნონიკაშვილი