შპს „აკვადუკისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 11, 2007
მიღების თარიღი მაისი 04, 2007
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „აკვადუკს” შესაძლებელია გამოეყოს სიხშირე 916.3 მჰც (ზოლის სიგანე 2მჰც) გასხივების სიმძლავრით არაუმეტეს 50 მილივატისა მეორადი გამოყენების უფლებით.
სიხშირე 916.3მჰც ± 1მჰც, გათვალისწინებულია, საქართველოს ტერიტორიაზე ინდივიდუალური მოხმარების ელექტრონული წყალმზომების ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს „აკვადუკს” სიხშირე 916.3მჰც ± 1მჰც, საქართველოს ტერიტორიაზე ინდივიდუალური მოხმარების ელექტრონული წყალმზომების ფუნქციონირებისთვის მეორადი გამოყენების უფლებით, ერთი წლის ვადით;
2. შპს „აკვადუკმა” გაითვალისწინოს მინიჭებული სიხშირის გამოყენების დროს, რომ ITU-ს რადიორეგლამენტის შესაბამისად, მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები;
3. აღირიცხოს შპს „აკვადუკისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „აკვადუკისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის 1 ა ) 1 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ.პატარაია
კომისიის წევრი გ.ფრუიძე
