წვდომის მენიუ

შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს”-სა და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 234 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2007

მიღების თარიღი მაისი 11, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ  სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ურთიერთჩართვის  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” შეგებებული განცხადების განხილვა.

 შპს  ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს-ს” სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” 2005 წლის 25 იანვარს გაფორმებული აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანია” და შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”  პირდაპირი ურთიერთჩართვით უზრუნველყოფენ ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომხმარებელთა მომსახურებას  ქ. თბილისში.

2007 წლის 19 მარტს სს ”საქართველოს გაერთიანებულმა  სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”   შპს ” ქართულ  სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს მიმართა მათ შორის არსებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეწყვეტისა და ახალი პირობებით სხვა  ხელშეკრულების გაფორმების  მოთხოვნით, რაზეც  შპს ”ქართულმა   სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ მისგან მოითხოვა უფრო დაზუსტებული პირობების მიწოდება. 2007 წლის 26 მარტიდან სს  ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტთა მხრიდან  შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს მიმართულებით ზარის განხორციელება შესაძლებელი გახდა მხოლოდ დამატებითი ნუმერაციის 822-ის მეშვეობით და გაზრდილი ტარიფით, რითაც  შპს ”ქართული   სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს განცხადებით, მას ადგება მატერიალური ზიანი. ამის გამო შპს ”ჯტს”, სხვა ოპერატორებთან შედარებით,  აღმოჩნდა არათანაბარ მდგომარეობაში, რადგანაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან” ადგილობრივ ქსელში დაკავშირება ყველა სხვა ოპერატორთან ხდება პირდაპირ - ექვსნიშნა სასადგურო ინდექსის გამოყენებით, ყოველგვარი დამატებითი ნუმერაციის აკრეფის გარეშე.  

შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ  მოითხოვა, კომისიამ დაავალოს  სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეასრულოს 2005 წლის 25 იანვარს გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ მიეცეს მომხმარებელს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-სთან  პირდაპირი დაკავშირების საშუალება, ურთიერთჩართვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტარიფით. 

2007 წლის 20 აპრილს აღნიშნულ საკითხზე კომისიაში გაიმართა დავის არსებითი განხილვა.

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები: უ. სეთური და დ. გოზალიშვილი არ დაეთანხმნენ  შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ის მოთხოვნას და  კომისიას წარმოუდგინეს შეგებებული განცხადება, სადაც აღნიშნეს რომ  შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”  არასწორად იყენებს სატელეფონო მომსახურების მიწოდებისათვის განსაზღვრულ რესურსს, რომელიც კომისიის მიერ მათთვის იქნა გამოყოფილი ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო კავშირისათვის ქ. თბილისის გეოგრაფიულ ზონაში. იმის გათვალისწინებით, რომ შპს   ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” სადგურიდან აბონენტამდე კავშირს ახორციელებს რადიო ხაზებით, მისთვის მინიჭებული ნუმერაციის რესურსი ვრცელდება არა მარტო თბილისის შიდა ზარებზე, არამედ იგი ვრცელდება რუსთავის და მცხეთის ზონაზეც, რითაც, მათ მიაჩნიათ, რომ შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ის მიერ დარღვეულია ნუმერაციის რესურსით სარგებლობისათვის განსაზღვრული ზონური პრინციპი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”  არ წარმოადგენს ფიქსირებული ქსელის ოპერატორს და დააყენეს შუამდგომლობა დამოუკიდებელი სპეციალისტების მოწვევის გზით, კომისიამ დაადგინოს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” ახორციელებს ადგილობრივ სატელეფონო კავშირს თუ მობილურ სატელეფონო კავშირს; ამის გათვალისწინებით, მათ მოითხოვეს კომისიამ გადაწყვიტოს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ის მხრიდან სალიცენზიო პირობების დარღვევის საკითხი.  

სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლებმა დამატებით აღნიშნეს, რომ 2005 წლის 25 იანვრის   ურთიერთჩართვის ხელშეკრულება დადებული იყო სამი თვის ვადით შემდგომი პროლონგაციის უფლებით, თუ მხარეები ამ ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე არ შეატყობინებდნენ ერთმანეთს ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვის შესახებ. სს ”საქართველოს გაერთიანებულმა  სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” 2007 წლის 19 მარტს წერილით შეატყობინა შპს ”ქართულ სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს,  რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანია” აღარ აპირებდა აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, აქედან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით ხელშეკრულება ძალაში არ არის და სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანია”,  რიგი არსებითი პირობების განსაზღვრის შემდგომ, მოახდენს ახალი ხელშეკრულების პროექტის წარდგენას მეორე მხარისათვის.

კომისიამ, 2007 წლის 20 აპრილს მიღებულ 194/16 გადაწყვეტილებაში  აღნიშნა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”  კომისიის 2005 წლის 27 დეკემბრის 808/22 გადაწყვეტილების საფუძველზე, მიჩნეულია ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტად და ამავე კანონის  29-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული აქვს სპეციფიკური ვალდებულებები, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ არადისკრიმინაციული პირობების დადგენა მოიცავს მომსახურების ერთგვაროვანი პირობების შეთავაზებას, მათ შორის ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვებას იმგვარი პირობებით, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე არსებითად მსგავსი ურთიერთობების შემთხვევებში სხვა ავტორიზებული პირისათვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან  შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს აბონენტებთან დაკავშირება დამატებითი ნუმერაციის 822-ის აკრეფვის  დაწესებით დავის საბოლოო გადაწყვეტამდე დაუშვებელად ჩათვალა, ვინაიდან, იმ შემთხვევაში თუ შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს მიჩნეულ იქნება ფიქსირებულ ოპერატორად, დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე, ის სხვა კომპანიების მსგავს  მდგომარეობაში უნდა იყოს ჩაყენებული, ხოლო თუ მიჩნეულ იქნება მობილურ კომპანიად, მაშინ დამატებითი ნუმერაცია 822 ამ შემთხვევაშიც გაუქმებას დაექვემდებარება, რადგანაც, მობილური კომპანიის შემთხვევაში გამოიყენება შეღწევადობის ნუმერაციის სამნიშნა რესურსი, რომელსაც აუქციონის გზით იღებს ავტორიზებული პირი.

კომისიამ, 2007 წლის 20 აპრილს მიღებული 194/16 გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელთა მიერ კომისიის წინაშე დაყენებული შუამდგომლობა შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” -ის მიერ განხორციელებული სატელეფონო მომსახურების სახეობის განსაზღვრისათვის დამოუკიდებელი სპეციალისტების მონაწილეობით ექსპერტიზის ჩატარების შესახებ და ამ საკითხის განხილვა გადადო შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენამდე.

კომისიის მიერ დასმულ საექსპერტო კითხვაზე - ”რა ტიპის სატელეფონო მომსახურებას ახორციელებს ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”, მობილურ (მოძრავ) თუ ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას? კვლევა დაევალათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და  ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სრულ პროფესორს თამაზ კუპატაძეს, ამავე ფაკულტეტის  სრულ  პროფესორს  ჯემალ ბერიძესა და  ასოცირებულ  პროფესორს თამაზ ჩხაიძეს, რომლებმაც 2007 წლის 8 მაისს კომისიას წარმოუდგინეს პასუხი დასმულ კითხვაზე: ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”  აწარმოებს ფიქსირებულ სატელეფონო კავშირის მომსახურებას კომპანია    Huawei Technologies აპარატურით. ამასთანავე, ასეთ ტექნოლოგიას გააჩნია შესაძლებლობა, გაუწიოს მომსახურება მობილურ სააბონენტო ტერმინალებს, არაგარანტირებული ხარისხით. საექსპერტო კომისიის მიერ მოკვლეული მასალებით, კომპანია ”ჯტს”-ის დაახლოებით 3000 აბონენტიდან, უმრავლესობა სარგებლობს ფიქსირებული რადიომიერთების ტერმინალით, ხოლო 200-მდე სააბონენტო ტერმინალი წარმოადგენს მობილურს. მობილური ტერმინალები მუშაობენ საბაზო სადგურების მოქმედების სივრცეში, ხშირად არაგარანტირებული მიღებითა და დაბალი ხარისხის მომსახურებით. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში, მათი მოქმედების ზონა შეიძლება სცილდებოდეს თბილისის ადმინისტრაციულ ზონის საზღვრებსაც. CDMA-ს პრინციპიდან გამომდინარე, კავშირი ზონის საზღვრებს გარეთ არ არის გარანტირებული და ხარისხიანი. შესაბამისად, სატელეფონო მომსახურება კვალიფიცირდება, როგორც ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება შეზღუდული მობილურობის შესაძლებლობით”.

საექსპერტო დასკვნის გათვალისწინებით, კომისიამ არ გაიზიარა სს  ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლთა პოზიცია - შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს მიერ კავშირის განხორციელებისას რადიოხაზების გამოყენების გამო ლიცენზიის პირობების დარღვევის თაობაზე და დამატებით მიუთითა ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპზე, რომლის თანახმადაც მარეგულირებელი გადაწყვეტილებების მიღებისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეს და არა ამ მომსახურების მისაწოდებლად გამოყენებულ ტექნოლოგიებს. კომისია, ასევე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ”  საქართველოს კანონის მეორე მუხლის ”გ” პუნქტის შესაბამისად, ადგილობრივი დაშვების ქსელი არის ადგილობრივი მომსახურების ზონაში ოპერატორის სადენიანი (ელექტროსადენიანი ან ოპტიკურ-ბოჭკოვანი) საკაბელო-სახაზო მეურნეობა ან უსადენო (ფიქსირებული რადიოსიხშირული ან ღია ოპტიკური) დაშვების ტექნიკური საშუალებები ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების მიზნით, ბოლო მომხმარებლის ფიქსირებულ ტერმინალურ მოწყობილობასა და საკომუტაციო ან გადამცემ სადგურს შორის გამოძახებების ან საინფორმაციო სიგნალების გასატარებლად, ციფრული მაუწყებლობის სიგნალების გადასაცემად. როგორც შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს ავტორიზაციის დეკლარაციიდან ირკვევა, მას მინიჭებული აქვს ადგილობრივი სატელეფონო მომსახურების განხორციელება მოძრავი და ფიქსირებული რადიოსატელეფონო კავშირის მეშვეობით, ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონაა ქ. თბილისი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” დისკრიმინაციის აკრძალვის კანონისმიერი ვალდებულებიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყოს ურთიერთჩართვის ერთნაირი ტარიფის შეთავაზება ყველა ავტორიზებული პირისათვის და მათ შორის შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-სათვის. კომისია აგრეთვე, დაუშვებლად მიიჩნევს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან საკუთარი მომხმარებლებისათვის ისეთი საცალო ტარიფის დადგენას, რაც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს სხვა ოპერატორს შეთავაზებული მომსახურების მიწოდებისას, გამომდინარე ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19, 32-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   დაკმაყოფილდეს შპს  ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს    მოთხოვნა და დაევალოს  სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-სთან ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა დამატებითი ნუმერაციის 822-ის გამოყენების გარეშე;

2. უზრუნველყოს სს  ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-სათვის ურთიერთჩართვისა და დაშვების არადისკრიმინაციული ტარიფების შეთავაზება;

 3. დაევალოს ორივე მხარეს ურთიერთჩართვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება ამ გადაწყვეტილების პირველ და მეორე პუნქტებში მითითებული პირობებით და მისი კომისიაში წარმოდგენა ოცი დღის ვადაში;

4. არ დაკმაყოფილდეს სს  ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” შეგებებული განცხადება - შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო მის მიმართ სანქციების გამოყენებაზე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს   კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს (მ. გოთოშიას).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო  სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარე                                               ზ. ნონიკაშვილი

კომისიის   წევრები:                                                     დ. პატარაია

                                                                                  გ. ფრუიძე                              

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები