წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მომართვის საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: 235 / 23

გამოქვეყნების თარიღი მაისი 22, 2007

მიღების თარიღი მაისი 11, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 27 აპრილს მიმართა (წერილი N10/61-07 - 27.04.2007) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა პავლე ბერიამ (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველი”), ავტორიზებული პირების -  შპს “სანეტის”, შპს ”კაუკასუს ნეტვორკის” და შპს ”ჯორჯიან ონლაინის”   მიმართ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

2007 წლის 12 მარტს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის №9/21-07 რეზოლუციით  განსახილველად დაეწერა შპს ,,სანეტის”, შპს ,,კაუკასუს ნეტვორკის” და შპს ,,ჯორჯია ონლაინის” 311 აბონენტის 2007 წლის 12 მარტის  9/21 ერთობლივი საჩივარი, სადაც მომხმარებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ:

1. ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებისას ხშირად ადგილი აქვს მომსახურების მიწოდების შეწყვეტასა და სიჩქარის დავარდნას.

2. შპს ,,ჯორჯია ონლაინის” DSL მომხმარებლების უმრავლესობასთან დაბლოკილია შემომავალი კავშირი 21, 23, 80, 110 და სხვა პორტებზე, რაც შეუძლებელს ხდის ამ პორტებზე ფუნქციონირებადი პროგრამებისა და პროტოკოლების გამოყენებას. ასევე, დღის განმავლობაში დაბლოკილია ე.წ. P2P პროგრამების გამოყენების შესაძლებლობა- torrent, Emule და სხვა.

3. ამა წლის 25 თებერვლიდან  ინტერნეტ სივრცეში ინტერნეტ-მომსახურების მომხმარებლები აწარმოებდნენ გამოკითხვას მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით ვებ-გვერდებზე  ანონსის-ბანერის განთავსებით. შპს ,,ჯორჯია ონლაინის,” შპს ,,სანეტის” და შპს ,,კაუკასუს ნეტვორკის” ქსელებიდან დაიბლოკა აღნიშნული ვებ-გვერდები, რითაც მომხმარებლებს შეეზღუდათ აღნიშნულ ვებ-გვერდებზე შესვლა და აზრის დაფიქსირება.

4. შპს ,,სანეტის”, შპს ,,კაუკასუს ნეტვორკის” და შპს ,,ჯორჯია ონლაინის” გაერთიანების და შპს ,,ჯორჯია ონლაინთან” საკონტაქტო და ტექნიკური მხარდაჭერის სატელეფონო სისტემასთან ინტეგრაციის შემდეგ შეუძლებელი გახდა კომპანიებისაგან ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის ოპერატიულად მიღება. კერძოდ, მომხმარებლებს  ინფორმაციისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიზნით ოპერატორთან დასაკავშირებლად უწევთ ლოდინი 10-30 წუთი და მეტი, რაც წუთობრივი გადასახდის პირობებში იწვევს მომხმარებლებისათვის როგორც ფინანსური, ისე მორალური ზიანის მიყენებას.

საჩივრში დასმული საკითხების შესწავლის შემდეგ, საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,სანეტის,” შპს ,,კაუკასუს ნეტვორკისა”  და შპს ,,ჯორჯია ონლაინის”  მიერ ირღვევა მოქმედი კანონმდებლობა.

საზოგადოებრივ დამცველი აღნიშნავს რომ, მომხმარებელთან  დადებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დამკვეთი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებით ისარგებლოს მომსახურებით დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და გამოიყენოს იგი ნებისმიერი მიზნებისათვის. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთს უფლება აქვს მოსთხოვოს შემსრულებელს მომსახურების შეუფერხებელი გაწევა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება და უფლებების რეალიზაციისათვის ხელშეწყობა. ხელშეკრულების  მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შემსრულებელი უზრუნველყოფს მომსახურების მიწოდებას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში და ოცდაოთხსაათიან საკონსულტაციო მომსახურებას, ხოლო ხელშეკრულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსრულებელი უწევს დამკვეთს მომსახურებას ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, გარდა იმ პერიოდებისა, როცა წარმოებს პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოები, რაც ისე იგეგმება, რომ მინიმალური უხერხულობა შეუქმნას დამკვეთს.

იმის დასადასტურებლად, რომ მომხმარებლებს ინტერნეტ-მომსახურება წყვეტით მიეწოდებათ  საზოგადოებრივმა დამცველმა კომისიას წარმოუდგინა შპს ,,კაუკასუს ნეტვორკის” 2007 წლის 29 მარტის  №6/324-07 წერილი (თან ერთვის კომისიაში საზოგადოებრივი დამცველის მიერ წარმოდგენილ განცხადებას), სადაც აღნიშნულია რომ, არსებული დარღვევები გამოწვეულია მათი ზემდგომი მომწოდებლისა და აბონენტებამდე მიმავალი სააბონენტო წყვილების უხარისხობის გამო, რაც, საზოგადოებრივი დამცველის მითითებით, არ ათავისუფლებს მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს მათ მიერ მომხმარებლების წინაშე აღებული ვალდებულებისაგან - უზრუნველყოს მომხმარებელი ხარისხიანი ინტერნეტ-მომსახურებით.

            DSL მომხმარებლებისათვის 21, 23, 80, 110 და სხვა პორტებზე შემომავალი კავშირის დაბლოკვით, საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ შპს ,,ჯორჯია ონლაინის” მიერ დარღვეულია  მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული მომხმარებლის უფლება მიიღოს ხარისხიანი მომსახურება.

საზოგადოებრივი დამცველი უთითებს, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტს, რომლის შესაბამისადაც ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს საქონლის, სამუშაოს, სავაჭრო და სხვა სახის მომსახურების სტანდარტთან შესაბამისი სათანადო ხარისხი. ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-11 მუხლის შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხმარებელს საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მომსახურება. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ხარისხის მომსახურება, ასევე შეიცავს მომხმარებლისათვის ინტერნეტ-მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას. პორტებზე შემავალი კავშირის დაბლოკვის შედეგად   მოხმარებელი მოკლებულია შესაძლებლობას თავისუფლად მიიღოს მისთვის სასურველი და აუცილებელი ინფორმაცია, რაც საზოგადოებრივი დამცველის თვალსაზრისით, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტით დაცულ ინფორმაციის მიღების უფლებას. საზოგადოებრივ დამცველს ასევე მიაჩნია, რომ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, მომხმარებელს აქვს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების სახეობის თავისუფლად არჩევის უფლება. 21, 23, 80, 110 და სხვა პორტებზე შემომავალი კავშირის დაბლოკვით მოხმარებლები შეზღუდულნი არიან მომსახურების მათთვის სასურველი სახეობის არჩევანში.

 მომხმარებელთა მიერ მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით წარმოებული გამოკითხვისთვის ხელის შეშლის მიზნით  შპს ,,კაუკასუს ნეტვორკის” მიერ ვებ-გვერდების დაბლოკვით, საზოგადოებრივ დამცველს მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ვებ-გვერდების დაბლოკვა, რის გამოც მომხმარებლებს შეეზღუდათ აღნიშნულ ვებ-გვერდებზე შესვლა, ინფორმაციის მიღება და აზრის დაფიქსირება, საზოგადოებრივი დამცველის აზრით, კიდევ ერთხელ მიუთითებს აღნიშნული კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის უხარისხო მომსახურების მიწოდებაზე. საზოგადოებრივი დამცველი, ასევე აღნიშნავს, რომ  დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი და  ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომელთა შესაბამისად, მომხმარებელს უფლება აქვს მომსახურების მიმწოდებლისაგან შეუფერხლებლად და უფასოდ მიიღოს ინფორმაცია.

მითითებული კომპანიების მხრიდან ვებ-გვერდების დაბლოკვის ფაქტის დასადასტურებლად, საზოგადოებრივმა დამცველმა კომისიაში მტკიცებულებად წარმოადგინა კომპანიის წარმომადგენლის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ყოველივე გამოწვეული იყო კომპანიისადმი  მიმართული ”შავი პიარის” აღსაკვეთად (განცხადებას თან ერთვის DVD).

 ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისაგან ტექნიკური მხარდაჭერისა და ინფორმაციის ოპერატიულად მიღების შეუძლებლობით, საზოგადოებრივი დამცველი აღნიშნავს, რომ დარღვეულია ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთარი აბონენტი უფასო საცნობარო მომსახურებით. მოცემული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, შპს ,,სანეტი,” შპს ,,ჯორჯია ონლაინი” და შპს ,,კაუკასუს ნეტვორკი” ვალდებულია უზრუნველყონ მომხმარებლები უფასო საცნობარო მომსახურებითა და შეუფერხებელი და დროული კავშირით.

ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, საზოგადოებრივი დამცველი ითხოვს:

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 და მე-12 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიამ  დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება.

ადმინისტრაციულ წარმოებაში საზოგადოებრივი დამცველი ჩართულ იქნას მხარედ მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ წერილობით გააფრთხილოს შპს ,,სანეტი,” შპს ,,კაუკასუს ნეტვორკი” და შპს ,,ჯორჯია ონლაინი”  და დააკისროს:

ა) მომხმარებლებისთვის ინტერნეტ-მომსახურების უწყვეტად და შეუფერხებლად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიჩქარით მიწოდება.

ბ) ვებ-გვერდების, პორტების და პროტოკოლების ბლოკირების მოხსნა ყველა მომხმარებლისათვის.

გ) 24  საათიანი ტექნიკური დახმარებისა და საინფორმაციო სატელეფონო ნომრების  მომხმარებლებისათვის  შეუფერხებლად  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-3 ნაწილის  შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საზოგადოებრივი დამცველის 2007 წლის 27 აპრილის N10/61-07 მომართვის საფუძველზე.

2. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2007 წლის 15 ივნისს 16.00  საათზე, შემდეგ მისამართზე: თბილისი 0177, ალ. ყაზბეგის გამზირი 42.

3. საზოგადოებრივი დამცველი პ. ბერია საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ  მომხმარებელთა ინტერესების დასაცავად, ხოლო მოპასუხეებად განისაზღვროს შპს ,,სანეტი,” შპს ,,კაუკასუს ნეტვორკი” და შპს ,,ჯორჯია ონლაინი”;

4. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) საზოგადოებრივი დამცველის განცხადებაში აღნიშნულ დარღვევების შემოწმება და შესაბამისი შემოწმების აქტის წარმოდგენა ერთი კვირის ვადაში.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა, აგრეთვე ცნობის გამოქვეყნება კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ნ. ჯანელიძე).

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

7. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის თავმჯდომარე                                                       

ზ. ნონიკაშვილი   

კომისიისწევრები:                                                                                                                             

დ. პატარაია

გ. ფრუიძე                                                                                                                                                                                                                            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები