შპს ”საქართველო XXI საუკუნის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2007
მიღების თარიღი მაისი 11, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი №10/58-07 და კომისიის აპარატის რადისიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის შემოწმების აქტი №09/2007, რომლებითაც ირკვევა, რომ შპს “საქართველო XXI საუკუნე”, რომელიც ფლობს № B14 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა ქ. ყვარელში 103.8 მგჰც, ლაგოდეხში 101.4 მგჰც და დედოფლის წყაროში 107.7 მგჰც), არღვევს კომისიის 2006 წლის 27 იანვრის №38/1 გადაწყვეტილებით დადგენილ მაუწყებლობის განხორციელების ტექნიკურ პარამეტრებს, კერძოდ კომპანიას გადამცემი განთავსებული აქვს ქ. თელავში, გამგეობის შენობის სახურავზე (ერეკლე II ქ.16), ნაცვლად ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული დედოფლის წყაროს ანძისა.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია დაიწოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”საქართველო XXI საუკუნის” გაფრთხილების თაობაზე.
კომისიამ გაიზიარა აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის წინადადება და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად,
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს “ საქართველო XXI საუკუნის” გაფრთხილების თაობაზე;
2. შპს “საქართველო XXI საუკუნის” გაფრთხილების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2007 წლის 25 მაისს 16-სთ-ზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ № 42.
3. შპს “საქართველო XXI საუკუნეს” უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “საქართველო XXI საუკუნისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით.
6. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
