წვდომის მენიუ

სს ”ინფოჯორჯია XXI” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 237 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2007

მიღების თარიღი მაისი 11, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (27.04.2007 №7/100-07) მიმართა სს ”ინფოჯორჯია XXI”-მა საქართველოს ტერიტორიაზე ციფრების ორნიშნა კომბინაციის - 09 ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.

  როგორც სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს წერილშია აღნიშნული, კომპანია ახორციელებს აბონენტების საცნობარო მომსახურებას საყოფაცხოვრებო, საქმიან, პროფესიულ და ინტელექტუალურ სფეროში და შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების სრულყოფისა და  აბონენტთა ხარისხიანი საინფორმაციო მომსახურების მიზნით, ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.

საკითხის განხილვა გაიმართა 2007 წლის 11 მაისის  კომისიის სხდომაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების ორნიშნა კომბინაციით - 09 (ნული-ცხრა),  სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს სს”ინფოჯორჯია XXI”-ს ნუმერაციის რესურსი 0-9 (ნული-ცხრა) ქ.თბილისში.

 კომისია აღნიშნავს, რომ 2007 წლის 24 აპრილს კომისიაში წერმოდგენილ იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წერილი საქართველოს ტერიტორიაზე ქ.თბილისის გარდა ციფრების ორნიშნა კომბინაციის - 09 ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით. კომისიამ აღნიშნული საკითხი ასევე განიხილა 2007 წლის 11 მაისის კომისიის სხდომაზე, რაც სადაოდ გახადა სს ”ინფოჯორჯია XXI” -ს წარმომადგენელმა ბატონმა თ.ხონელიამ, კერძოდ, მან კომისიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ნუმერაციის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ნების გამოვლენაში არსებული ნაკლის შესახებ. კერძოდ კი რამდენად ჰქონდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” დირექტორის მოადგილეს ბატონ ი.მატრიაშვილს უფლებამოსილება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სახელით წარმოედგინა განცხადება კომისიაში ნუმერაციის მინიჭებასთან დაკავშირებით.

            კომისია აღნიშნავს, რომ შეისწავლა სს ”ინფოჯორჯია XXI” -ს წარმომადგენლის ბატონ თ.ხონელიას შუამდგომლობა და დაადგინა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  დირექტორის მოადგილის ბატონი ი.მარტიაშვილის მხრიდან კომისიაში ნუმერაციის მინიჭების შესახებ წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით, ნების გამოვლენის ნაკლს ადგილი არ ჰქონია, რაც დასტურდება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მიერ კომისიაში წარმოდგენილი მინდობილობით, რომლითაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  დირექტორის მოადგილეს ბატონი ი.მარტიაშვილის მინიჭებული აქვს უფლებამოსილება: ” წარმოადგინოს კომპანია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, გასცეს რწმუნებულებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარმომადგენლობაზე, ხელი მოაწეროს კომისიაში გასაგზავნ ყველა განცხადებასა და კორესპოდენციას, მათ შორის განცხადებებს კომისიის გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ და ხელი მოაწეროს იმ სასარჩელო განცხადებებს, რომელიც შეეხება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრებას.”

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-9 (ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2008 წლის - 11 მაისამდე, ქ.თბილისში;

2. სს”ინფოჯორჯია XXI” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, სს”ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში სს”ინფოჯორჯია XXI”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

                        კომისიის თავმჯდომარე                                          ზ.ნონიკაშვილი

                        კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                                            გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები