სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” - სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 17, 2007
მიღების თარიღი მაისი 11, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ციფრების ორნიშნა კომბინაციის - 09 ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.
როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წერილშია აღნიშნული, კომპანია ახორციელებს აბონენტების საინფორმაციო მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე, ქ.თბილისის გარდა, საკუთარი ტექნიკური საშუალებებით და აბონენტთა ხარისხიანი საინფორმაციო მომსახურების მიზნით, ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქიდან, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების ორნიშნა კომბინაციით - 09 (ნული-ცხრა), სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია” -ს ნუმერაციის რესურსი 0-9 (ნული-ცხრა) საქართველოს ტერიტორიაზე ქ.თბილისის გარდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-9 (ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2008 წლის 11 მაისამდე, საქართველოს ტერიტორიაზე, ქ.თბილისის გარდა;
2. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია” - ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
