წვდომის მენიუ

კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 249 / 10

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2007

მიღების თარიღი მაისი 18, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 6 მარტის N155/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად რვა გადამცემის გამოყენებით ქ. თბილისში,  გორში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, ყვარელში და დმანისში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2007 წლის 20 აპრილის 17:00 საათი, კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2007 წლი 18 მაისის 14:00  საათი, სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 48,357,00 (ორმოცდარვა ათას სამას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარით;

ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, კომისიის 2007 წლის 6 მარტის N 155/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა შპს ”სამაუწყებლო კომპანია  რადიო საქართველომ”.

კონკურსი კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2007 წლის18  მაისს.  საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”სამაუწყებლო კომპანია რადიო  საქართველოს” გენერალური დირექტორი  გურამ  ჩიგოგიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს.

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილე შპს ”სამაუწყებლო კომპანია რადიო საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა გურამ ჩიგოგიძემ განაცხადა, რომ იგი თანახმაა კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 48, 357,00 (ორმოცდარვა ათას სამას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   კერძო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”სამაუწყებლო კომპანია რადიო საქართველო”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 48,357,00 (ორმოცდარვა ათას სამას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი;

2.   უზრუნველყოს შპს ”სამაუწყებლო კომპანია რადიო საქართველომ” 2007 წლის 18 ივნისამდე სალიცენზიო გადასახდელის 20% - 9,671,40 (ცხრა ათას ექვსას სამოცდათერთმეტი ლარი და 40 თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში - N200122900

სახელმწიფო ხაზინა, კოდი - N220101222

სახაზინო კოდი - N300573021

3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 33,849.90 (ოცდაცამეტი ათას რვაას ორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი)  ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარმოუდგინოს კომისიას ამ ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და გაუგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე  უარი კონკურსში გამარჯვებულს მიეცემა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად;

7. კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა უზრუნველყოს კონკურსში მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (მ. აროშიძე);

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

 9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე:                                                                   ზ. ნონიკაშვილი

წევრები:                                                                                             დ. პატარაია

                                                                                                            გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები