სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2007
მიღების თარიღი მაისი 18, 2007
რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარით, აუქციონის ბიჯი - 375 (სამას სამოცდათხუთმეტი ლარი) ლარით, ლიცენზიის მაძიებლების მიერ განცხადებების მიღების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 30 აპრილის 17:00 საათი, ხოლო აუქციონების ჩატარების თარიღად - 2007 წლის 18 მაისის 15:00 საათი;
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი კომისიაში წარმოადგინა შპს ”ქართულმა სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ.
კომისია აღნიშნავს, რომ აუქციონში მონაწილე ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და აუქციონის პირობებთან.
აუქციონი გაიმართა 2007 წლის 18 მაისის კომისიის სხდომაზე.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში. შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-ს წარმომადგენელმა რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის - 7875.00 (შვიდი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს” ქ.თბილისში 152XXX-156XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, რომელიც თანახმაა გადაიხადოს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური 7875.00 (შვიდი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი) ლარი .
2. უზრუნველყოს შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს”-მ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს 2362.5 (ორი ათას სამას სამოცდაორი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 750.00 (შვიდას ორმოცდაათი ლარი) ლარი ანუ 1612.50 (ერთი ათას ექვსას თორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა 2007 წლის 18 ივნისამდე საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები (ვაკე-საბურთალო) - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300043020;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (5,512.50 - ხუთი ათას ხუთას თორმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველივე წელს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. აუქციონში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულ ლიცენიზის მაძიებლებს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა 10%) არ უბრუნდება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე) აუქციონში გამარჯვებულის მიერ ბეს სახით კომისიის ანგარიშზე გადახდილი თანხის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ანგარიშზე დაუყოვნებლივ გადარიცხვა;
7. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
8. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის მონაწილისთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის №1 ა) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები გ.ფრუიძე
