წვდომის მენიუ

შპს ”ახტელსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 251 / 16

გამოქვეყნების თარიღი მაისი 25, 2007

მიღების თარიღი მაისი 18, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”ახტელმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და კაბელების ჩაჭრით აბონენტთა განზრახ გათიშვის ფაქტები.

 შპს ”ახტელს”, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული №8 ხელშეკრულების თანახმად, ნაქირავები აქვს სახაზო წყვილები, რომლის ქირასაც, თანახმად ხელშეკრულების პირობებისა, იხდის შპს ”ახტელი”.  შპს ”ახტელის” განცხადებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს კაბელების ხელოვნურად დაზიანების  შემთხვევებს, კერძოდ მის მიერ გადაჭრილ იქნა ის კაბელები, რომელშიც შპს ”ახტელს” ნაქირავები აქვს წყვილები, რის შედეგადაც მარტის თვიდან ასს-75-ის ზონაში გათიშულია 61 აბონენტი. შპს ”ახტელის” განცხადებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” გათიშულ აბონენტებს სთავაზობს მის მომსახურებას თუ ისინი გადავლენ მის ასს-ზე, რითაც სახეზეა არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. 

შპს   ”ახტელი”  ითხოვს, მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შემოწმებასა და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 18 მაისს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა.  ხდომას სწრებოდნენ: შპს ”ახტელის” წარმომადგენელები: ნ. ჟღენტი, ხ. ინჯია, ხოლო  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: უ. სეთური.

შპს ”ახტელის” წარმომადგენელებმა აღნიშნეს რომ, სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს  მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება აღნიშნული კომპანიის მიერ შპს ”ახტელისათვის” მიქირავებული წყვილების  შეგნებულად დაზიანებებსა და ამ დაზიანებების შეგნებულად არ აღმოფხვრაში.  

სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური არ დაეთანხმა  შპს  ”ახტელის” წარმომადგენელების განცხადებას და აღნიშნა რომ, ადგილი არ ჰქონია კაბელების განზრახ დაზიანებას, მან კომისიას წარმოუდგინა ცნობა, რომლის თანახმადაც, ამჟამად შპს ”ახტელის” განცხადებაში მითითებული 61 აბონენტთაგან, აღდგენილია 46, ხოლო დარჩენილი 15 აბონენტის აღდგენა ვერ მოხერხდა სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე.  რაც შეეხება კაბელების განზრახ დაზიანებას, მან კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტისაგან მოითხოვა კაბელების დაზინების ფაქტისა და დაზიანების საფუძველების შემოწმება.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შპს ”ახტელის” განცხადებაში მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად 2007 წლის 27 აპრილს ერთხელ უკვე ჩატარებულ იქნა მონიტორინგი, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ქ. თბილისის ორთაჭალის დასახლების ასს 75-ის ზონაში შპს ”ახტელის” მიერ მითითებული 61 აბონენტიდან გათიშულია 44 აბონენტი. დღეის მდგომარეობით თუ რამდენი აბონენტი რჩება გათიშული, აგრეთვე ამ დაზიანებათა მიზეზებისა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათი აღმოუფხვრელობის დასადგენად, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განმეორებითი შემოწმების ჩატარება, რის შემდეგაც, კომისია იმსჯელებს სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ჰქონდა თუ არა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი. კომისია, ასევე რეკომენდაციას აძლევს შპს ”ახტელს”, სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან”   კაბელების განზრახ დაზიანებათა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეგნებულად აღმოუფხვრელობის ფაქტის  დასადასტურებლად დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს  შპს  ”ახტელსა” და  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვა 2007 წლის 1 ივნისს 16:00 საათზე.

2. დაევალოს კომისიის მონიტორინგის დეპარტამენტს შპს ”ახტელის” განცხადებაში მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად განმეორებითი შემოწმების ჩატარება ათი დღის ვადაში.

3. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).

5. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის  თავმჯდომარე                      ზ. ნონიკაშვილი

წევრები:                                             დ. პატარაია

                                                            გ. ფრუიძე                                                                                     

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები