წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” დამატებებ

ნომერი: 257 / 19

გამოქვეყნების თარიღი მაისი 23, 2007

მიღების თარიღი მაისი 18, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი”, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურები და აღნიშნული პროცედურების განმახორციელებელი კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი.

            კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 2007 წლის 16 მარტის კომისიის № 3 დადგენილებით დამტკიცდა კომისიის დებულება ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და ვალდებულებები, კერძოდ რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს დაემატა რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების მუდმივი და სისტემატური მონიტორინგი, გამოვლენილ ხელშეშლებზე რეაგირება შემოწმების აქტებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ 2007 წლის 13 აპრილის კომისიის № 190/20 გადაწყვეტილებით ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მუშაკებისათვის შემოწმების ჩატარების უფლებამოსილების მინიჭების შესახებ” კომისიის 2007 წლის 12 იანვრის №22/22 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები და დამატებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია დამატებებისა და ცვლილებების განხორციელება კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებასა და ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში”.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”4. კომისიის აპარატში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი მ. ქადეიშვილი”;

2. შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 28 აპრილის №172/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში” და მისი მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 2) ახორციელებენ მონიტორინგის, მაუწყებლობის რეგულირების, რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტები”.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა ) ერთი თვის ვადაში;   

4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).                                  

                  კომისიის თავმჯდომარე                                                     ზ. ნონიკაშვილი

                                   კომისიის წევრი                                                     დ. პატარაია

                                   კომისიის წევრი                                                      გ. ფრუიძე

 

„დამტკიცებულია”

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2007 წლის 18 მაისის 257/19 გადაწყვეტილებით

კომისიის თავმჯდომარე                              ზ. ნონიკაშვილი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მკაცრი აღრიცხვის ფორმების

გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს N 669 ბრძანების  შესაბამისად, კომისია ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინოს მის მიერ გამოყენებული ან გამოსაყენებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენის სახელმწიფო პალატასთან შეთანხმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნიმუშები (პროექტები);

2. მკაცრი  აღრიცხვა-ანგარიშგების  ფორმებით  (დოკუმენტებით) მომარაგებას  კომისია  ახორციელებს დამოუკიდებლად;

3. კომისია ვალდებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) წარმოებაში გამოვლენილი დარღვევებისას იმოქმედოს დაუყოვნებლივ, არსებული წესის შესაბამისად;

4. წინამდებარე წესის მოთხოვნათა დარღვევა, შეუსრულებლობა ან უგულებელყოფა ისჯება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოსაყენებელ მკაცრი აღრიცხვის ფორმებს  (დოკუმენტებს) წარმოადგენს:

ა) სალიცენზიო მოწმობები;

ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

მუხლი 3. სალიცენზიო მოწმობა

1. კომისიის მიერ ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე გაიცემა მხოლოდ სალიცენზიო მოწმობა, ცალკე ლიცენზია არ გაიცემა;

2. სალიცენზიო მოწმობები გაიცემა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის, კერძო მაუწყებლობისა და სათემო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებათა საფუძველზე;

3. კერძო და სათემო მაუწყებლობის სალიცენზიო მოწმობა შეიცავს: ლიცენზიის ნომერს, ლიცენზიის სახეს და ლიცენზიის სახეობას, ლიცენზიის მფლობელის დასახელებას, ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულ ზონას, მაუწყებლობის ტექნიკურ პარამეტრებს და სალიცენზიო ვალდებულებებს, ლიცენზიის გაცემის თარიღს, ლიცენზიის მოქმედების ვადას;

4. რადიოსიხშირული სპექტრით და  ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობა შეიცავს: ლიცენზიის ნომერს, ლიცენზიით მინიჭებულ რადიოსიხშირულ სპექტრს ან ნუმერაციის რესურსს,  ლიცენზიის მფლობელის დასახელებას, ლიცენზიის მფლობელის სარეგისტრაციო მონაცემებს, ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიულ ზონას, სალიცენზიო ვალდებულებებს, ლიცენზიის გაცემის თარიღს, ლიცენზიის მოქმედების ვადას;

5. სალიცენზიო მოწმობას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.

მუხლი 4. ლიცენზიების ნუმერაცია

1. ლიცენზიები ინომრება რეესტრში შეტანის მიზნით;

2.  სამაუწყებლო ლიცენზიას ენიჭება კოდი B და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით – 1; 2; 3; და ა.შ.;

3. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიას ენიჭება კოდი F და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით – 1; 2; 3; და ა.შ.;

4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიას ენიჭება კოდი № და შემდეგ ინომრება რიგითობის მიხედვით – 1; 2; 3; და ა.შ.

მუხლი 5. სალიცენზიო მოწმობების ნუმერაცია

სამაუწყებლო, რადიოსიხშირული სპექტრითა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის სალიცენზიო მოწმობები ინომრება რიგითობის მიხედვით, ექვსნიშნა ნუმერაციით – 00 00 01, 00 00 02 და ა.შ.

მუხლი 6. სალიცენზიო მოწმობის გაცემა ლიცენზიის გადაპირებისას

1. ლიცენზიის სრული პირდაპირი გადაპირებისას ლიცენზიის ნომერი რჩება უცვლელი და გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობა;

2. ლიცენზიის ნაწილის პირდაპირი გადაპირებისას ხდება ლიცენზიის ნაწილის გამოყოფა არსებული ლიცენზიიდან, და გამოყოფილ ლიცენზიას ენიჭება ახალი ნომერი. ლიცენზიის ძველ და ახალ მფლობელებზე გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობები.

3. პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ძველი სალიცენზიო მოწმობა ითვლება გაუქმებულად; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წინასწარ ჩააბაროს კომისიას გაუქმებული სალიცენზიო მოწმობა.  წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს კომისიას მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.

მუხლი 7. სალიცენზიო მოწმობის გაცემა ლიცენზიის ცვლილებისას

ლიცენზიის მოდიფიცირების,  (ცვლილების) შემთხვევაში, როცა იცვლება სალიცენზიო მოწმობის რეკვიზიტები, ლიცენზიის ნომერი რჩება უცვლელი და გაიცემა ახალი სალიცენზიო მოწმობა. ამ შემთხვევაში ძველი სალიცენზიო მოწმობა ითვლება გაუქმებულად; ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ჩააბაროს კომისიას გაუქმებული სალიცენზიო მოწმობა.  წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წარუდგინოს კომისიას მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.

მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ნუმერაცია

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს ენიჭება ექვსნიშნა ნომერი -00 00 01, 00 00 02 და ა.შ.

მუხლი 9. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შევსება და რეგისტრაცია

1. სალიცენზიო მოწმობების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 1) ახორციელებენ ადმინისტრაციული და მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტები;

2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შევსებას და რეგისტრაციას სარეგისტრაციო ჟურნალში (დანართი 2) ახორციელებენ მონიტორინგის, მაუწყებლობის რეგულირების, რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტები.

მუხლი 10. სალიცენზიო მოწმობების გაცემა

შევსებული სალიცენზიო მოწმობის გაცემა ხდება ლიცენზიის მფლობელის უფლებამოსილ პირზე – დირექტორზე ან საამისოდ უფლებამოსილ წარმომადგენელზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე, რომელიც სარეგისტრაციო ჟურნალში ადასტურებს ხელმოწერით სალიცენზიო მოწმობის მიღებას.

მუხლი 11 . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გაცემა

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება 3 პირად, საიდანაც პირველი პირი გადაეცემა სამართლებრივ დეპარტამენტს, მეორე რჩება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენთან, ხოლო მესამე - ოქმის შემდგენელთან. 

მუხლი 12. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემა

1.  გაცემული სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში კომისია გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს ლიცენზიის მფლობელის მიერ საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ;

2. დაკარგული სალიცენზიო მოწმობის მფლობელმა დუბლიკატის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად;

ბ) ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის შესახებ;

გ) სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატისათვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

3. განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში კომისია გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს, შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და ამის თაობაზე აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შესატანად;

4. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი”;

5. გაცემული დუბლიკატის რეგისტრაცია ხდება სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი 3).

მუხლი 13. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დამზადება და მიღება

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეკვეთას კომისია ახორციელებს პოლიგრაფიული საწარმოსათვის  (რომლებიც აკმაყოფილებენ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს)  ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე;

2. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პასუხისმგებელ პირს კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობის საფუძველზე;

3. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემაზე გამოიწერება ანგარიშ-ფაქტურა სამ ეგზემპლარად, რომელშიც აღინიშნება ფორმის დასახელება, სერია, ნომერი, რულონების ან წიგნების  რაოდენობა, ბლანკის რაოდენობა და სხვა აუცილებელი რეკვიზიტები. ანგარიშ-ფაქტურის ორი ეგზემპლარი გადაეცემა კომისიას, რომელთაგან ერთი მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით  წარედგინება აპარატის ფინანსურ სამსახურს, ხოლო მეორე რჩება პასუხისმგებელ პირს;

4. მკაცრი აღრიცხვის ფორმები აღირიცხება მასალების ბუღალტრულ ანგარიშზე მათი შეძენის ფაქტობრივი თვითღირებულებით;

5. მკაცრი  აღრიცხვის  ფორმების მიღებისას, თუ  მათი  ფაქტიური  რაოდენობა და ნუმერაცია არ შეესაბამება თანმხლებ დოკუმენტებში აღნიშნულს, შედგება აქტი, რომელიც წარედგინება ფორმების მიმწოდებელ საწარმოს სხვაობის მიზეზების  დასადგენად  და  სათანადო  ზომების  მისაღებად;

6. მკაცრი  აღრიცხვის  ფორმებით  დროული უზრუნველყოფისა და  სათანადო მარაგების შექმნაზე კონტროლს ახორციელებს კომისიის აპარატის ადმინისტრაცია.

მუხლი 14. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა, აღრიცხვა და გაცემა

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება კომისიის აპარატის ადმინისტრაციაში;

2. პასუხისმგებელმა პირმა კომისიის აპარატის ყველა მუშაკს, რომელთაც ევალებათ მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა და გაცემა, უნდა შეუქმნას სათანადო პირობები ამ ფორმებით შესაბამისი ოპერაციების წარმოებისათვის;

3. მკაცრი აღრიცხვის ფორმები ინახება სპეციალურად გამოყოფილ და სათანადოდ დაცულ ადგილას;

4. კომისია უზრუნველყოფს მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვის, გაცემისა და მათთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესასრულებლად განკუთვნილი სათავსების დაცულობას;

5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გადაცემა აპარატის პასუხისმგებელი მუშაკისათვის, ხორციელდება სათანადო მოთხოვნის საფუძველზე, რომელშიც აღინიშნება კომისიის გადაწყვეტილების ან/და კომისიის თავმჯდომარის ბრძანების ნომერი, თარიღი, ფორმის დასახელება, რაოდენობა და  რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში (დანართი 4);

6. აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებს სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქვეანგარიშოდ მიღებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების დაცულობისა და მათი ბრალეული დამოკიდებულებით გამოწვეული ზიანისთვის.

მუხლი 15. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმები ჩამოიწერება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ბლანკის ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენით (დანართი 5). ჩამოწერის აქტი  დგება პასუხისმგებელი პირის მიერ და მოწმდება კომისიის წევრების ხელმოწერით;

3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები