წვდომის მენიუ

შპს ”საქართველო XXI საუკუნის” გაფრთხილების თაობაზე

ნომერი: 263 / 18

გამოქვეყნების თარიღი მაისი 31, 2007

მიღების თარიღი მაისი 25, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელებისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“

    კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი №10/58-07 და კომისიის აპარატის რადისიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის შემოწმების აქტი №09/2007, რომლებითაც ირკვევა, რომ შპს “საქართველო XXI საუკუნე”, რომელიც ფლობს № B14 ლიცენზიას (ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა ქ. ყვარელში 103.8 მგჰც, ლაგოდეხში 101.4 მგჰც და დედოფლის წყაროში 107.7 მგჰც), არღვევს კომისიის 2006 წლის 27 იანვრის №38/1 გადაწყვეტილებით დადგენილ მაუწყებლობის განხორციელების ტექნიკურ პარამეტრებს, კერძოდ კომპანიას გადამცემი განთავსებული აქვს ქ. თელავში, გამგეობის შენობის სახურავზე (ერეკლე II ქ.16), ნაცვლად ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული დედოფლის წყაროს ანძისა.

       კომისიის აპარატის სამართლებრივმა დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2007 წლის 11 მაისს დაწყებულიყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”საქართველო XXI საუკუნის” გაფრთხილების თაობაზე.

     ადმინისტრაციული წარმოების პროცესში 2007 წლის 17 მაისს (№6/492-07) შპს ”საქართველო XXI საუკუნემ” კომისიას წერილობით მიმართა და განმარტა ქ. თელავში გადამცემის განთავსების საფუძველი, რაც მდგომარეობს ზემოაღნიშნულ ქალაქში კომერციული სტრუქტურების და ხელსაყრელი სარეკლამო გარემოს არსებობით. აქვე დასძინა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ლიცენზიით გათვალისწინებული მოთხოვნები მათ მიერ სრულად იქნება შესრულებული.

    კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარატამენტი დადასტურებულად მიიჩნევს შპს ”საქართველო XXI საუკუნის” მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევას და მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული კომპანიისათვის სანქციის სახით გაფრთხილების დაკისრება.

    კომისიამ გაიზიარა აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის წინადადება და “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე  მუხლის შესაბამისად,

:                             

1. გაფრთხილდეს შპს “საქართველო XXI საუკუნე” სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო;

2. შპს “ საქართველო XXI საუკუნეს” მიეცეს 2 თვის ვადა, რათა უზრუნველყოს კომისიის  2006 წლის 27 იანვრის №38/1 გადაწყვეტილების შესრულება და აღნიშნულ ვადაში კომისიაში წარმოადგინოს ინფორმაცია ლიცენზიის პირობების ჯეროვანი შესრულების თაობაზე;

3. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე მუხლის შესაბამისად, შპს “საქართველო XXI საუკუნეს” ერთი წლის განმავლობაში ახალი დარღვევის ჩადენის შემთხვევაში დაეკისრება ჯარიმა მისი ბოლო თორმეტი კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე)  0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს “საქართველო XXI საუკუნისთვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა)  ერთი  თვის ვადაში;

6. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადისიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                               ზ. ნონიკაშვილი                                                                                                                                                             

კომისიის წევრები:                                        დ. პატარაია

                                                                       გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები