შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2007
მიღების თარიღი ივნისი 01, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი:
1. შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები” ითხოვს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” კაბელის ჩადებაზე ტექნიკური პირობების გაცემას, ახალ მიმართულებებზე:
ა) ი. აბაშიძის ქ. №10 - ფალიაშვილის ქ.№ 17;
ბ) ასს 22-დან ფალიაშვილის 17;
გ) მ. თამარაშვილის ქ.№ 13 - ალ. ყაზბეგის გამზ. №34;
დ) მ. თამარაშვილის ქ. №13 - ალ. ყაზბეგის გამზ. №24, რაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან არ სრულდება.
2. მოდავე მხარეებს 2003 წლის 01 ოქტომბერს დადებული აქვთ ხელშეკრულება შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტთა ინტერნეტით მომსახურებაზე აბონენტის არსებულ სატელეფონო წყვილზე დაყენებული სპეციალური სიხშირული ფილტრების მეშვეობით (ADSL ტექნოლოგია). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” წარუდგინა განცხადებები აბონენტთა ADSL გადაკროსვაზე, რაც ამ უკანასკნელის მიერ არ სრულდება და შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” განცხადებით, მატერიალური ზარალი ადგება მას.
3. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ აძლევს საშუალებას შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” თანამშრომლებს საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად იქნან დაშვებული მის ტერიტორიაზე განლაგებულ ADSL-ის თანალოკაციის და ურთიერთჩართვის წერტილებში განლაგებულ აპარატურასთან, რითაც განმცხადებელის აზრით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არღვევს მათ შორის გაფორმებულ ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებს.
აღნიშნულ საკითხებზე 2007 წლის 1 ივნისს კომისიაში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” დირექტორი დ. თუთბერიძე და ამავე კომპანიის იურისტი ა. კბილაშვილი, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უ. სეთური.
შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” წარმომადგენლებმა მოითხოვეს დაავალოს კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გასცეს ნებართვა მის მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩასადებად. დაფიქსირდეს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მხრიდან ურთიერთჩართვის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტები, მიეცეს მას ამისათვის გაფრთხილება და დაევალოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებეულებების შესრულება. მათ ასევე მოითხოვეს, შეიქმნას ერთობლივი კომისია კომისიის, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელებისა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მონაწილეობით, იმ მატერიალური ზიანის დასადგენად, რაც მიადგა შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებს” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნებს და კომისიას სთხოვა ვადა შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელების” მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობათა გასარკვევად.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2007 წლის 15 ივნისს 16 საათზე;
2. ეცნობოთ მოდავე მხარეებს მოსამზადებელი სხდომის დღის დანიშვნის შესახებ;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი).
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე : ზ. ნონიკაშვილი
წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
