წვდომის მენიუ

შპს ”ახტელსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 282 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2007

მიღების თარიღი ივნისი 01, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”ახტელმა”  სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და კაბელების ჩაჭრით აბონენტთა განზრახ გათიშვის ფაქტები.

 შპს ”ახტელს” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული №8 ხელშეკრულების თანახმად, ნაქირავები აქვს სახაზო წყვილები, რომლის ქირასაც თანახმად ხელშეკრულების პირობებისა, იხდის შპს ”ახტელი”. შპს ”ახტელის” განცხადებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს კაბელების ხელოვნურად დაზიანების  შემთხვევებს, კერძოდ მის მიერ გადაჭრილ იქნა ის კაბელები, რომელშიც შპს ”ახტელს” ნაქირავები აქვს წყვილები, რის შედეგადაც მარტის თვიდან ასს-75-ის ზონაში გათიშულია 61 აბონენტი. შპს ”ახტელის” განცხადებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანია” გათიშულ აბონენტებს სთავაზობს მის მომსახურებას თუ ისინი გადავლენ მის ასს-ზე, რითაც სახეზეა არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. 

შპს   ”ახტელი”  ითხოვს, მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შემოწმებასა და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას.

2007 წლის 18 მაისს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სს  ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი არ დაეთანხმა  შპს  ”ახტელის” განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს და აღნიშნა, რომ ადგილი არ ჰქონია კაბელების განზრახ დაზიანებას, მან კომისიას წარმოუდგინა ცნობა, რომლის თანახმადაც, შპს ”ახტელის” განცხადებაში მითითებული 61 აბონენტთაგან, ამ დროისათვის აღდგენილია 46, ხოლო დარჩენილი 15 აბონენტის აღდგენა იმ პერიოდისათვის ვერ მოხერხდა სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე.  რაც შეეხება კაბელების განზრახ დაზიანებას, მან კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტისაგან მოითხოვა კაბელების დაზინების ფაქტისა და დაზიანების საფუძველების შემოწმება.

მოსამზადებელ სხდომაზე კომისიის მიერ მიღებულ იქნა  გადაწყვეტილება - შპს  ”ახტელსა” და  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვის  დღის დანიშვნის შესახებ. გათიშულ აბონენტთა რაოდენობისა და აგრეთვე, ამ დაზიანებათა მიზეზებისა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათი აღმოუფხვრელობის დასადგენად, კომისიამ ამავე გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად მიიჩნია განმეორებითი შემოწმების ჩატარება და დაავალა მონიტორინგის დეპარტამენტს შპს ”ახტელის” განცხადებაში მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად განმეორებითი შემოწმების ჩატარება და შესაბამის შემოწმების აქტის წარმოდგენა.

კომისიამ, ასევე რეკომენდაცია მისცა შპს ”ახტელს”, სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან”   კაბელების განზრახ დაზიანებათა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეგნებულად აღმოუფხვრელობის ფაქტის  დასადასტურებლად დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე, რის შემდეგაც, კომისია იმსჯელებდა სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ჰქონდა თუ არა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი.

2007 წლის 1 ივნისს აღნიშნულ საკითხზე კომისიაში გაიმართა ზეპირი მოსმენა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს  ”ახტელის” წარმომადგენელები: ნ. ჟღენტი, ხ. ინჯია, ხოლო  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: უ. სეთური.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შპს ”ახტელის” განცხადებაში მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად 2007 წლის 27 აპრილს ერთხელ უკვე ჩატარებულ იქნა მონიტორინგი, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ ქ. თბილისის ორთაჭალის დასახლების ასს 75-ის ზონაში შპს ”ახტელის” მიერ მითითებული 61 აბონენტიდან გათიშული იყო 44 აბონენტი. როგორც 2007 წლის 25 მაისს ჩატარებული განმეორებითი შემოწმების აქტიდან ირკვევა, შემოწმების პერიოდში ამჯერად არ მუშაობდა 26 აბონენტი. შპს ”ახტელს”, სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან”   კაბელების განზრახ დაზიანებათა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეგნებულად აღმოუფხვრელობის ფაქტის დასადასტურებლად მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

            კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის შემოწმების აქტების, მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და ზეპირი მოსმენის  შედეგების გათვალისწინებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან კაბელების ხელოვნურად დაზიანებისა და შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები არ დასტურდება.

ამასთანავე, კომისია აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”, როგორც ავტორიზებული პირი, ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. კომისია აღნიშნავს, რომ ქსელის ინტეგრაციისა და დაცულობის შენარჩუნება, ასევე მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვა წარმოადგენს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” უშუალო ვალდებეულებას.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ”ბ” და ”ე” ქვეპუნქტების, 45-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს შპს  ”ახტელის”  მოთხოვნა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ კაბელების განზრახ დაზიანებათა და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეგნებულად აღმოუფხვრელობის გამო  მისი დაჯარიმების შესახებ.

2. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაუყოვნებლივ დაიწყოს და ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის ვადაში აღადგინოს ქ. თბილისის ორთაჭალის დასახლების ასს 75-ის ზონაში შპს ”ახტელის” გათიშული აბონენტების სატელეფონო მომსახურება.

3. აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიქცეულ იქნას იგი  დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

4. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) ამ გადაწყვეტილების შესრულების შემოწმება და კომისიისათვის ინფორმაციის წარმოდგენა.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა.

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის  თავმჯდომარე :   ზ. ნონიკაშვილი

 წევრები:                                                         

დ. პატარაია

 გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები