წვდომის მენიუ

შპს ”ქართული რადიო” -სთვის კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 300 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 06, 2007

მიღების თარიღი ივნისი 01, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’ კომისიის 2007 წლის 16 მარტის N154/10 გადაწყვეტილებით გამოცხადებულ კონკურსში, 2007 წლის 18 მაისის N 248/10 გადაწყვეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა შპს ”ქართული რადიო”.

კომისია აღნიშნავს, რომ “კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ“  კომისიის 2007 წლის 18 მაისის  N 248/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს ”ქართული რადიო”-ს მიერ გადახდილ იქნა სალიცენზიო გადასახდელის  30% - 3210.00  (სამი ათას ორას ათი ლარი) ლარს გამოკლებული სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის წინასწარ გადახდილი 10%-ის – 1070.00 (ერთი ათას სამოცდაათი) ლარი - 2140 (ორი ათას ას ორმოცი ლარი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე, 38-ე და 43-ე მუხლებისა და კომისიის   2007 წლის 18 მაისის  N 248/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1. მიეცეს შპს ”ქართული რადიო”-ს კერძო მაუწყებლობის N B 90 ლიცენზია ერთი გადამცემის გამოყენებით,  ქ. თბილისში 10  წლის ვადით;

2.  ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

 ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

3. მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:

გადამცემის განთავსების ადგილი

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის სიმაღლე მიწის ზედ. მ

სიხშირე  მგჰც                     FM

სიმძლავრე კვტ

გასხივების დიაგრამა

შენიშვნა

თბილისი, მთაწმინდის ანძა

N 410  41’ 44”              E 0440  47’ 09”

85

94.7

1

წრიული

 

4.  შპს ”ქართული რადიო”  ვალდებულია:

ა) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა;

ბ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გ) კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია, მათ შორის მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

დ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობისი სერთიფიკატი;

ვ) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ზ) დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არის ასახული, მათ შორის განახორციელოს მის მიერ წარმოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;

თ) უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

ი) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა;

კ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები;

ლ) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები.

მ) ყოველწლიურად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ნ) წერილობით აცნობოს კომისიას კომპანიის  პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

ო) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში  საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობებისა მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა.

პ) უზრუნველყოს პრაქტიკული საქმიანობის დაწყება ლიცენზიის მიღებიდან 1 წლის განმავლობაში;

ჟ) უზრუნველყოს რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა სამაუწყებლო ზონის 90%-სათვის “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-40 და 76-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად;

რ) უზრუნველყოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში რადიოპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.

5. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები - სალიცენზიო პირობები გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, ამ გადაწყვეტილებითა და მის საფუძველზე გაცემული  ლიცენზიით.

6.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 7482.00 (შვიდი ათას ოთხას ოთხმოცდაორი ლარი) ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში, შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის  მიხედვით:

მიმღები

ხაზინის ერთიანი ანგარიში

ბანკი

სახელმწიფო ხაზინა

კოდი

220101222

ანგარიშის N

200122900

სახაზინო ქვეანგარიში

300043021

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

623.50 ლარი -  2007 წლის 1 ივლისამდე;

623.50 ლარი -  2007 წლის 1 აგვისტომდე;

623.50 ლარი -  2007 წლის 1 სექტემბრამდე;

623.50 ლარი -  2007 წლის 1 ოქტომბრამდე;

623.50 ლარი -  2007 წლის 1 ნოემბრამდე;

623.50 ლარი -  2007 წლის 1 დეკემბრამდე;

623.50 ლარი -  2008 წლის 1 იანვრამდე;

623.50 ლარი -  2008 წლის 1 თებერვლამდე;

623.50 ლარი -  2008 წლის 1 მარტამდე;

623.50 ლარი -  2008 წლის 1 აპრილამდე;

623.50 ლარი -  2008 წლის 1 მაისამდე;

623.50 ლარი -  2008 წლის 1 ივნისამდე.

7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) აცნობოს ” შპს ”ქართული რადიო”-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე (ნ. ჯავახიძე);

ბ)  გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება (ნ. ჯანელიძე);

გ)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (დ. კიკნაძე).

8. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება (ა. შუშანაშვილი);

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე).

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. N 1ა) ერთი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                           ზ. ნონიკაშვილი 

კომისიის წევრები                                                                                     

დ. პატარაია

გ. ფრუიძე                                                                                                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები