შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2007
მიღების თარიღი ივნისი 08, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან კაბელების ჩაჭრით შპს ”ახალი ქსელების” აბონენტთა გათიშვის ფაქტები.
შპს ”ახალ ქსელებს” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” ნაქირავები აქვს სახაზო წყვილები, რომლის ქირასაც იხდის შპს ”ახალი ქსელები”. შპს ”ახალი ქსელების” განცხადებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს კაბელების ხელოვნურად დაზიანების შემთხვევებს, კერძოდ გლდანი-ნაძალადევის რაიონში მის მიერ გადაჭრილ იქნა ის კაბელები, რომელშიც შპს ”ახალ ქსელებს” ნაქირავები აქვს წყვილები, რის შედეგადაც 25 მაისიდან ასს-69-ის ზონაში გათიშულია 200-ზე მეტი აბონენტი.
შპს ”ახალი ქსელები” ითხოვს, მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შემოწმებასა და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 8 ივნისს, კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელები: ნ. ჟღენტი, ხ. ინჯია, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: უ. სეთური და კ. გოთუა.
შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელებმა აღნიშნეს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას, რაც გამოიხატება აღნიშნული კომპანიის მიერ შპს ”ახალი ქსელებისათვის” მიქირავებული წყვილების დაზიანებებსა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ დაზიანებების არ აღმოფხვრაში.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენლები უ. სეთური და კ. გოთუა არ დაეთანხმნენ შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელების განცხადებას და აღნიშნეს, რომ ადგილი არ ჰქონია კაბელების განზრახ დაზიანებას და მოსარჩელის მიერ მითითებულ რაიონში სატელეფონო კაბელების გადაჭრა გამოწვეულია ტექნიკური აუცილებლობით, რაც იწვევს ამ რაიონში ყველა აბონენტის გათიშვას 3-4 დღით. ამჟამად სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ისინი კომისიას წარმოუდგენენ გათიშული აბონენტების სრული აღდგენის გრაფიკს.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმებით, შპს ”ახალი ქსელების” განცხადებაში მოყვანილი ფაქტები დადასტურდა. 2007 წლის 7 ივნისის შემოწმების აქტით ირკვევა, რომ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში ასს 69-ის ზონაში მეხამრიდების გადაჭრის შედეგად გათიშული რჩება 1000-მდე აბონენტი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაინიშნოს შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვა 2007 წლის 15 ივნისს 16:00 საათზე;
2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
წევრი გ. ფრუიძე
