წვდომის მენიუ

შპს ”Black Sea Telecom”-ისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 307 / 8

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 12, 2007

მიღების თარიღი ივნისი 08, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 11  მაისის N238/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, გამოცხადდა აუქციონი ადგილობრივი ფართოზოლოვანი უსადენო დაშვების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად.

ლიცენზიის მაძიებლების მიერ  განცხადებების წარმოდგენის  ვადად განისაზღვრა 2007 წლის 4 ივნისის 17:00 საათი.

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომისიაში განაცხადი წარმოადგინა შპს ”Black Sea Telecom”-მა, რომლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაც არ შეესაბამება გამოცხადებული აუქციონის პირობებს. კერძოდ, ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თანდართული არ აქვს რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, თუ განმცხადებლის მიერ არასრულყოფილადაა წარმოდგენილი დოკუმენტაცია, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ვადა არ შეიძლება იყოს 5 სამუშაო დღეზე ნაკლები. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, ადმინისტრაციული ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის 2007 წლის 11 მაისის N238/8 გადაწყვეტილების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  83-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების  შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ვადა შპს ”Black Sea Telecom”-ს 2007  წლის 19 ივნისამდე  წარმოადგინოს შპს ”Black Sea Telecom”-ის მიერ რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) და სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთები;

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე; ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”Black Sea Telecom”-სთვის  გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა);

                        კომისიის თავმჯდომარე                              ზ.ნონიკაშვილი

                        კომისიის წევრი                                             გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები