სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”მეტაკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე კომისიის თანხმობის მიცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2007
მიღების თარიღი ივნისი 08, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა შპს ”მეტაკომთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”მეტაკომს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელიც 2007 წლის 9 მაისის მდგომარეობით აღემატება 23,506.79 ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მეტაკომის” მხრიდან ვალი აღიარებულია, რასაც ადასტურებს შპს ”მეტაკომის” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მთავარი ბუღალტრების მიერ შედგენილი ურთიერთშედარების აქტი.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა, კომისიის 2007 წლის 8 ივნისის სხდომაზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად აღარ მოითხოვს თანხმობის მიცემას შპს ”მეტაკომთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადების თაობაზე;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე: ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
