შპს ”სერვისი” - სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2007
მიღების თარიღი ივნისი 22, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”სერვისმა” (13.06.2007 №7/169-07) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.
როგორც შპს ”სერვისი”-ს წერილშია აღნიშნული, კომპანია ახორციელებს მოსახლეობის მომსახურებას შემდეგ სფეროებში: საინფორმაციო, სადისპეჩერო, საშუამავლო, საკონსულტაციო სამედიცინო, სარიტუალო, ტაქსისა და გაზის გამოძახება და შესაბამისად, ზემოაღნიშნული მომსახურებების მოსახლეობისთვის მიწოდებისთვის ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”სერვისი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”სერვისს” ნუმერაციის რესურსი 0-0-3 (ნული-ნული-სამი).
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსის მინიჭება მოთხოვნილ იყო ქვეყნის მასშტაბით. კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გამომდინარე იქედან, რომ კომპანია მომსახურებას ახორციელებს ქ.თბილისში, ნუმერაციის რესურსის ოპტიმალურად გამოყენების მიზნით, კომისიას მიზანშეწონილად მიჩნია შპს ”სერვისი”-სთვის ნუმერაციის რესურსის 0-0-3 (ნული-ნული-სამი) მინიჭება ქ.თბილისში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”სერვისს” ნუმერაციის რესურსი - 0-0-3 (ნული-ნული-სამი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2008 წლის - 22 ივნისამდე, ქ.თბილისში;
2. შპს ”სერვისი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”სერვისი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”სერვისს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
