წვდომის მენიუ

შპს ”მაგთიკომისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 345 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2007

მიღების თარიღი ივნისი 22, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2007 წლის 6 ივნისს შპს ”მაგთიკომმა”  კომისიას მიმართა განცხადებით (გ№107,06.06.2007) საქართველოს ტერიტორიაზე, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების შესაბამისად, რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაგთიკომი” წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 20.07.2005; რეგისტრაციის №7/1), ფლობს სხვადასხავა სიხშირულ დიაპაზონებში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  F1, F2, F4 და F15 ლიცენზიებს, მობილური საკომუნიკაციო მომსახურეობისთვის.

    კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც     განისაზღვრება       „რადიოსიხშირული   სპექტრით     ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.

  აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ”მაგთიკომს” განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც შეადგენს 2 780 211,60 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცი ათას  ორას თერთმეტი ლარი და სამოც თეთრს) ლარს.

  კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნეს არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებულ მობილური მომსახურეობის საკომუნიკაციო ქსელის საბაზო სადგურებს შორის   მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე,  რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-15 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს ”მაგთიკომს” რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად მობილური მომსახურეობის საკომუნიკაციო ქსელის საბაზო სადგურებს შორის   მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით - შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2017  წლის  22 ივნისამდე, აუქციონის გარეშე;

2. განესაზღვროს  შპს ”მაგთიკომს” სიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 2 780 211,60 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცი ათას  ორას თერთმეტი  ლარი და სამოცი თეთრი) ლარი;

3.   უზრუნველყოს შპს ”მაგთიკომმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის  2 780 211,60 (ორი მილიონ შვიდას ოთხმოცი ათას  ორას თერთმეტი ლარის და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით 10 დღის ვადაში:

მიმღები:

ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;

 კოდი - 220101222;

საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300043021;

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს”მაგთიკომის”  მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

5.   აღირიცხოს შპს ”მაგთიკომისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე) შპს ”მაგთიკომის” მიერ საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენის შემდგომ;

6. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ”მაგთიკომისთვის რადიოსიხშირეების მინიჭების  საკითხი  შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, სარაჯიშვილის ქ. № 1ა) ერთი თვის ვადაში;   

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                           ზ.ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                           დ.პატარაია

კომისიის წევრი                                                                           გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები