შპს ”საქართველოს ხმის” № 705 ლიცენზიის გაუქმების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 29, 2007
მიღების თარიღი იანვარი 18, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ე) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელისათვის შესაბამისი სანქციების დაკისრება“. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია „უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნებთან.“
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის (გ. რატიშვილი) მიერ განხორციელდა შემოწმება შპს ”საქართველოს ხმის” მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების მიზნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედგა შემოწმების აქტი (2007 წლის 16 იანვარი) საიდანაც ირკვევა, რომ შპს ”საქარველოს ხმა”, რომელიც ფლობს №705 ლიცენზიას (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა, 50-ე სატელევიზიო არხზე ქ. თბილისში) არ ახორციელებს მაუწყებლობას, კომისიაში არ წარმოუდგენია და აგრეთვე არ გამოუქვეყნებია სამაუწყებლო ბადე 2006 -2007 წლის განმავლობაში.
აღნიშული შემოწმების აქტი გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, რომელმაც იხელმძღვანელა რა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მოთხოვნებით, დაადასტურა შპს ”საქართველოს ხმის” მიერ ”მაუწყებლობის შესახებ” საქარველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევა, კერძოდ სამართლებრივი დეპარტამენტი (კ. ყურაშვილი) აღნიშნავს, რომ ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი წლის 120 დღის განმავლობაში საფუძველია ლიცენზიის გაუქმების შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა.
ზემოაღნიშულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქარველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე- IX თავის შეაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინიტრაციული წარმოება შპს ”საქართველოს ხმის” №705 ლიცენზიის გაუქმების მიზნით.
2. შპს ”საქართველოს ხმის” № 705 ლიცენზიის გაუქმების თაობაზე საკითხის განსახილველად ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართის 2007 წლის 16 თებერვალს, ხოლო აღნიშულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების თარიღად განისაზღვროს 2007 წლის 23 თებერვალი.
3. შპს ”საქარველოს ხმას” უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”საქართველოს ხმისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი)
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ფრუიძე
კომისიის წევრები: დ.პატარაია
ზ. ნონიკაშვილი