წვდომის მენიუ

შპს ”კარდიოექსპრესი” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ

ნომერი: 353 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 28, 2007

მიღების თარიღი ივნისი 22, 2007

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”კარდიოექსპრესმა” (21.06.2007 №7/178-07) ციფრების სამნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.

  როგორც შპს ”კარდიოექსპრესი”-ს წერილშია აღნიშნული, კომპანია ახორციელებს მოსახლეობისთვის სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობის გაწევას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული მომსახურების მოსახლეობისთვის მიწოდებისთვის ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

გამომდინარე იქედან, რომ შპს ”კარდიოექსპრესი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”კარდიოექსპრესს” ნუმერაციის რესურსი 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს ”კარდიოექსპრესს”-ს  ნუმერაციის რესურსი - 0-0-4 (ნული-ნული-ოთხი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2008  წლის - 22 ივნისამდე, ქ.თბილისში;

2. შპს ”კარდიოექსპრესი” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ” კარდიოექსპრესი”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ”კარდიოექსპრესს” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

            კომისიის თავმჯდომარე                                          ზ.ნონიკაშვილი

            კომისიის წევრები                                                     დ.პატარაია

                                                                                                გ.ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები