წვდომის მენიუ

კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 354 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2007

მიღების თარიღი ივნისი 29, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 27 აპრილის N 219/10 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ოთხი გადამცემის გამოყენებით ქ. ქუთაისში, ქ. საჩხერეში,   ქ. გორში და ქ. სენაკში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2007 წლის 25 მაისის 17:00 საათი, კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდა 2007 წლის 29 ივნისი, 14:00  საათი, სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა განისაზღვრა 80,685.00  (ოთხმოცი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარით;

ინფორმაცია კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

კომისია აღნიშნავს, რომ განაცხადი და დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობისა და ”კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’, კომისიის 2007 წლის 27 აპრილის N 219/10 გადაწყვეტილების შესაბამისად, წარმოადგინა  შპს ”ტვ 33”-მა.

კონკურსი კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარდა 2007 წლის 29 ივნისს.  საკონკურსო სხდომას ესწრებოდა შპს ”ტვ 33”-ის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯაფარიძე.

კომისია აღნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება კონკურსის პირობებს.

,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მონაწილეობს 1 ლიცენზიის მაძიებელი, იგი გამარჯვებულად ცხადდება მის მიერ სალიცენზიო გადასახდელის გადახდის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილე შპს ”ტვ 33”-ის წარმომადგენლობაზე  უფლებამოსილმა პირმა გიორგი ჯაფარიძემ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 80,685.00  (ოთხმოცი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მაუწყებლობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ”ტვ 33”, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 80,685.00  (ოთხმოცი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარი;

2.   უზრუნველყოს შპს ”ტვ 33”-მა 2007 წლის 29 ივლისამდე სალიცენზიო გადასახდელის  20% - 16,137.00 (თექვსმეტი ათას ას ოცდაჩვიდმეტი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

ხაზინის ერთიანი ანგარიში - N200122900

სახელმწიფო ხაზინა, კოდი - N220101222

სახაზინო  კოდი - N300053010

3. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. კონკურსში გამარჯვებულის მიერ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ის კომისიის  გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელს 2 წლით ეზღუდება  კონკურსში მონაწილეობის უფლება;

5.  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 56,479.5 (ორმოცდათექვსმეტი ათას ოთხას სამოცდაცხრამეტი ლარი და 50 თეთრი)  ლარის გადახდა განხორციელდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში კონკურსში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით;

6.  იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ მაუწყებლობის განხორციელებისას რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისათვის საჭიროა სხვა უწყებათა ნებართვა, მისი ერთი გაჩერების პრინციპის შესაბამისად  მიღების მიზნით, კონკურსში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, წარმოუდგინოს კომისიას ამ ნებართვის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი უწყებებიდან სათანადო ნებართვის მიღებას.  ამ შემთხვევაში კომისია სათანადო დოკუმენტაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამის უწყებებს და გაუგზავნის კონკურსში გამარჯვებული პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. თუ შემდგომი 20 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი უწყებიდან მიღებული იქნება ნებართვის გაცემაზე  უარი კონკურსში გამარჯვებულს მიეცემა დამატებითი ვადა მითითებული დარღვევების გამოსასწორებლად;

7.  კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა (მ. აროშიძე);

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის N 1 ა ) ერთი  თვის ვადაში;

 9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                                           ზ. ნონიკაშვილი 

კომისიის წევრები                                                                                     დ. პატარაია

                                                                                                                   გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები