წვდომის მენიუ

სს ”ეგრისსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 357 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2007

მიღების თარიღი ივნისი 29, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა სს ”ეგრისმა”  შპს ”კავკასუს ონლაინთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”კავკასუს ონლაინის”  მიერ  სს ”ეგრისის”  ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების  უზრუნველყოფა.

სს ”ეგრისი” შპს ”კავკასუს ონლაინს” სთავაზობს დაშვების ხელშეკრულების დადებას, რათა მხარეებმა დაშვების მომსახურება განახორციელონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ არ ხორციელდება ამ ტიპის ხელშეკრულების ხელმოწერა, რითაც განმცხადებელს მიაჩნია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ ხდება კანონისმიერი ვალდებულებების დარღვევა. კერძოდ, მის სერვერებზე, რაც შეადგენს საქართველოს ინტერნეტ კონტენტის 70%-ს, ხდება დაშვების შეზღუდვა. განმცხადებელს მიაჩნია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ დარღვეულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-4 და 19-ე მუხლების მოთხოვნები.

სს  ”ეგრისი” ითხოვს, კომისიამ დაავალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” სს ”ეგრისთან” დაშვების ხელშეკრულების გაფორმება და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფა.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 29 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  სს  ”ეგრისის” წარმომადგენელი ხ. ინჯია, აგრეთვე   შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელი დ. კიკალეიშვილი.

შპს  ”ეგრისის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი” ახორციელებს შპს ”ეგრისის” დაშვების არაკანონისმიერ შეზღუდვას, რითაც არღვევს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს, მე-2 მუხლის ა) და ზ) ქვეპუნქტებს, აგრეთვე მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ა) და მეორე პუნქტის დ) ქვეპუნქტებს, რითაც მათ კომპანიას ადგება მნიშვნელოვანი ზიანი. შპს ”ეგრისის” წარმომადგენელმა მოითხოვა დაევალოს შპს ”კავკასუს ონლაინს”  დაშვების უზრუნველყოფა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.

შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის სადაო საკითხთან დაკავშირების ინფორმაციას არ ფლობს.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს  სს  ”ეგრისსა” და  შპს  ”კავკასუს ონლაინს” შორის დავის  განხილვა 2007 წლის 6 ივლისს 16:00 საათზე;

2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის თავმჯდომარე                                                                                 ზ. ნონიკაშვილი

 წევრები:                                                                                                      დ. პატარაია

                                                                                                                    გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები