სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის შესახებ საკითხის განხილვის გადადების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2007
მიღების თარიღი ივნისი 29, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელიც 2007 წლის 11 მაისის მდგომარეობით აღემატება 700 000 (შვიდასი ათასი) ლარს.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”
კომისიის 2007 წლის 29 ივნისის სხდომაზე შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” წარმომადგენელმა საქმეზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილი ახალი მტკიცებულებების გაცნობის მიზნით მოითხოვა სხდომის გადადება ერთი კვირით.
მხარეთა პოზიციის შეჯერების, ანალიზის, ყოველმხრივი გამოკვლევისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” წარმომადგენლის მოთხოვნა და გადაიდოს საქმის განხილვა ერთი კვირით;
2. დაევალოს შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებს” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში დაფიქსირებული გარემოებების შესახებ შეპასუხების წარმოდგენა მიმდინარე წლის 4 ივლისამდე;
3. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრები: გ. ფრუიძე
დ. პატარაია
