შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2007
მიღების თარიღი ივნისი 29, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 15 მაისს განცხადებით მიმართა შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანი:
1. შპს ”კავკასიის ციფრული ქსელები” ითხოვს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” კაბელის ჩადებაზე ტექნიკური პირობების გაცემას, ახალ მიმართულებებზე:
ა) ი. აბაშიძის ქ. №10 - ფალიაშვილის ქ.№ 17;
ბ) ასს 22-დან ფალიაშვილის 17;
გ) მ. თამარაშვილის ქ.№ 13 - ალ. ყაზბეგის გამზ. №34;
დ) მ. თამარაშვილის ქ. №13 - ალ. ყაზბეგის გამზ. №24, რაც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან არ სრულდება.
2. მოდავე მხარეებს 2003 წლის 01 ოქტომბერს დადებული აქვთ ხელშეკრულება შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მიერ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” აბონენტთა ინტერნეტით მომსახურებაზე აბონენტის არსებულ სატელეფონო წყვილზე დაყენებული სპეციალური სიხშირული ფილტრების მეშვეობით (ADSL ტექნოლოგია). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” წარუდგინა განცხადებები აბონენტთა ADSL გადაკროსვაზე, რაც ამ უკანასკნელის მიერ არ სრულდება და შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” განცხადებით, მატერიალური ზარალი ადგება მას.
3. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არ აძლევს საშუალებას შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” თანამშრომლებს საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად იქნან დაშვებული მის ტერიტორიაზე განლაგებულ ADSL-ის თანალოკაციისა და ურთიერთჩართვის წერტილებში განლაგებულ აპარატურასთან, რითაც განმცხადებელის აზრით, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” არღვევს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს.
აღნიშნულ საკითხებზე 2007 წლის 1 ივნისს კომისიაში გაიმართა მოსამზადებელი სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
2007 წლის 22 ივნისს გაიმართა დავის განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” დირექტორი დ. თუთბერიძე და ამავე კომპანიის იურისტი ა. კბილაშვილი, ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უ. სეთური.
პირველ საკითხთან მიმართებაში შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” წარმომადგენლებმა მოითხოვეს დაავალოს კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” გასცეს ნებართვა მის მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩასადებად.
განმცხადებელმა მეორე საკითხთან დაკავშირებით მოითხოვა, დაავალოს კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მიერ წარდგენილ აბონენტთა ADSL გადაკროსვა.
რაც შეეხება შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მესამე მოთხოვნას, სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ტერიტორიაზე განლაგებულ ADSL -ის აპარატურასთან მისი თანამშრომლების შეუფერხებლად დაშვების შესახებ, განმცხადებელმა განმარტა, რომ ამ საკითხზე სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” შეთანხმება მიღწეულია და ამ ნაწილში ითხოვს დავის შეწყვეტას.
სს ”საქართველოსგაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა პირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გადამოწმდა შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა და ტექნიკური სამსახურის დასკვნით ამ ეტაპზე აღნიშნულ მიმართულებით სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ტექნიკური პირობა არ გააჩნია. რაც შეეხება, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მიერ წარდგენილ აბონენტთა ADSL გადაკროსვას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშნული აბონენტების სახაზო პარამეტრები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ხარისხის სტანდარტებს. მესამე საკითხთან დაკავშირებით კი, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას დავის შეწყვეტაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შემოწმდა შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მიერ მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩადების ტექნიკური შესაძლებლობა და გამოარკვია, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ მიმართულებებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ტექნიკური პირობა არ გააჩნია. ამავე დეპარტამენტის მიერ შემოწმდა შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მიერ წარდგენილი ათი აბონენტის სახაზო პარამეტრები ADSL გადაკროსვის შესაძლებლობის თვალსაზრისით და გამოარკვია, რომ გადმოცემული ნომრების სიიდან არ მუშაობდა ორი ტელეფონი, მათგან ერთ ნომერზე ჩართული იყო შპს ”კავკასუს ონლაინის” ADSL -ი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე, 37-ე, 41-ე მუხლებისა და 42-ე მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მოთხოვნა და დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მიერ წარდგენილი აბონენტების ADSL გადაკროსვა, კომპანიებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
2. არ დაკმაყოფილდეს შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მოთხოვნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიისათვის” მოთხოვნილ მიმართულებებზე კაბელის ჩასადებად ნებართვის გაცემის დაკისრების თაობაზე;
3. შეწყდეს დავა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიის” ტერიტორიაზე განლაგებულ ADSL-ის აპარატურასთან შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” თანამშრომლების დაშვების საკითხზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) ამ გადაწყვეტილების შესრულების შემოწმება და კომისიისათვის ინფორმაციის წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 კვირის ვადის ამოწურვისთანავე - 2007 წლის 16 ივლისისათვის;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარე : ზ. ნონიკაშვილი
წევრები: დ. პატარაია
გ. ფრუიძე
