მომსახურების ბაზრის სეგმენტის - მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2007
მიღების თარიღი ივნისი 29, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ ავტორიზირებულ პირთა 2005 წლის მონაცემების მიხედვით 2006 წლის დასაწყისში მიმდინარეობდა მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევა და ანალიზი, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებით შეწყვეტილ იქნა (გადაწყვეტილება N187/22 05.05.06წ.).
კომისიის აპარატის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია განახლდეს მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების კვლევა და ანალიზი ავტორიზებული პირების 2006 წლისა და 2007 წლის 6 თვის მონაცემების მიხედვით. გასათვალისწინებელია, რომ კომისიაში შემოსულია სს „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განცხადება (30.05,07წ. №2/8/49) მაგისტრალური არხების მომსახურების ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორების გამოვლენის თაობაზე. განმცხადებელს მიაჩნია, რომ მომსახურების ბაზრის ამ სეგმენტზე შპს ”ფოპტნეტი” წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს, რის გამოც მოითხოვს დავუდგინოთ კანონით დადგენილი ყველა სპეციფიკური ვალდებულება შპს ”ფოპტნეტს”.
კომისიას მიაჩნია, რომ საბითუმო მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებს, რომელიც ექვემდებარება კვლევას და ანალიზს, წარმოადგენს მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვება და მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვება.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების ბაზრის კვლევისა და ანალიზის დაწყების თაობაზე კომისია იღებს გადაწყვეტილებას საკუთარი ინიციატივით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მომსახურების ბაზრის ანალიზის, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირის განსაზღვრის პროცედურები მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება, მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის მიზნით;
2. გამოქვეყნდეს ცნობა ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებისა და მაგისტრალური საკომუნიკაციო (გატარების) ციფრული სისტემის სახაზო საშუალებებთან და მათ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურების ბაზრის სეგმენტების კვლევისა და ანალიზის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (ნ.ჯანელიძე);
3. საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2007 წლის 3 აგვისტო 15:00 საათზე; გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრი დ. პატარაია
გ. ფრუიძე
