სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ.თბილისში 157XXX-159XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) და მცხეთის რაიონში 50XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად აუ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 05, 2007
მიღების თარიღი ივნისი 29, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”ქართული სატელეფონო კომპანია GTC”-მ (21.06.2007 №6/729-07) მცხეთის რაიონში 1000 სააბონენტო ნომერზე აუქციონის გამოცხადების შესახებ, კომისიაში ასევე შემოსულია შპს ”მაქსტელი”-ს წერილი ქ.თბილისში 3000 სააბონენტო ნომერზე ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ. ზემოაღნიშნული კომპანიები ახორციელებენ ადგილობრივ საკომუნიკაციო მომსახურებას და ესაჭიროებათ სააბონენტო ნუმერაციის რესურსი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლების შესაბამისად, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.
კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-8 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა შეადგენს 1500 ლარს 1 ათასიან ნუმერაციის ბლოკზე.
კომისიამ განიხილა ზემოაღნიშნული განცხადებები და აღნიშნავს, რომ არსებობს სააბონენტო ნუმერაციის თავისუფალი რესურსი ქ.თბილისში და მცხეთის რაიონში და შესაძლებლად მიაჩნია გამოცხადდეს აუქციონი.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 და მე-18 მუხლებისა და კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გამოცხადდეს აუქციონები ნუმერაციის რესურსით სარგებლობის შემდეგი ლიცენზიების მისაღებად:
ა) 157XXX-159XXX (სულ 3000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ქ. თბილისში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 225 (ორას ოცდახუთი) ლარს;
ბ) 50XXX (სულ 1000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად მცხეთის რაიონში;
- რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვროს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარით;
- აუქციონის ბიჯი შეადგენს რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარს;
2. აუქციონების ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2007 წლის 3 აგვისტოს 15:00 საათი;
3. ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2007 წლის 16 ივლისის 17:00 საათამდე;
4. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელი განცხადებით მიმართავს კომისიას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი სახის სარგებლობის ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი;
5. ლიცენზიის მაძიებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.
ბ) რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბე) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. ეს თანხა ირიცხება კომისიის ანგარიშზე სააქციო კომერციულ ბანკში ”თი-ბი-სი” ან სს ”ბაზისბანკში” შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’; -ბანკი: სს ,,ბაზისბანკი’’;
-ა/ანგარიში: 609326; -ა/ანგარიში: 7434136;
-კოდი: 220101830; -კოდი: 220101956;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050; -საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს აცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10 %, გადახდილი ბეს სახით, ექვემდებარება დაბრუნებას;
რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ი (ბე) ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
გ) სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული თანხა ირიცხება საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში;
6. სალიცენზიო პირობები:
- ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წლის განმავლობაში;
- ლიცენზიის აღების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;
7. აუქციონები ჩატარდება კომისიის 2005 წლის 12 დეკემბრის №13 დადგენილებით დამტკიცებული “რადიოსიხშირულის სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით” განსაზღვრული წესით;
8. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს (მ.აროშიძე) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა) ერთი თვის ვადაში;
10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
