წვდომის მენიუ

შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ

ნომერი: 368 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2007

მიღების თარიღი ივლისი 06, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 18 ივნისს მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა”  სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი:

1. სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს ”ახალი ქსელების” 240 აბონენტის გათიშვა ასს 51-ის ზონაში;

2. სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გაუფორმებლობა.

შპს ”ახალი ქსელები” თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების №8 ხელშეკრულების თანახმად, ნაქირავები ჰქონდა სახაზო-საკაბელო წყვილები 30, 31, 36 და 51 ასს-ებში, რომელთა ქირასაც, თანახმად ამ ხელშეკრულების პირობებისა, იხდიდა შპს ”ახალი ქსელები. სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” 13 ივნისს მიმართა ”ახალ ქსელებს” ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაქირავები სახაზო-საკაბელო წყვილების ჩაბარების მოთხოვნით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო. 2007 წლის 14 ივნისს შპს ”ახალმა ქსელებმა” სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” მიიღო მოწვევის ოფერტა ახალი ტარიფებით სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გასაფორმებლად,  რაზეც შპს ”ახალმა ქსელებმა” მეორე დღესვე განახორციელა შესაბამისი პირობების მიღება (აქცეპტი). მიუხედავად ამისა, სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანია” უარს ამბობს ხელშეკრულების გაფორმებაზე. პარალელურად   სს ”საქართველოს გაერთიანებულმა  სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ასს 51-ს ზონაში გათიშა შპს ”ახალი ქსელების” 240 აბონენტი.

აღნიშნულ საკითხზე 2007 წლის 6 ივლისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელები: ნ. ჟღენტი, ხ. ინჯია, ხოლო  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: უ. სეთური.

შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ კომისიამ სს  ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” დაავალოს გათიშული სახაზო-საკაბელო წყვილების აღდგენა და ამ წყვილებით მომსახურების ახალი ხელშეკრულების გაფორმება.

სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური არ დაეთანხმა  შპს  ”ახალი ქსელების” მოთხოვნას და აღნიშნა, რომ 2003 წლის 15 იანვრის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2007 წლის 1 ივნისს. აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შეთანხმება ან ახალი ხელშეკრულება მხარეებს შორის არ გაფორმებულა, შესაბამისად 2007 წლის 1 ივნისიდან აღარ არსებობს ამ სახაზო-საკაბელო წყვილების შპს ”ახალი ქსელების” მიერ ფლობის კანონიერი საფუძველი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, უ. სეთურმა წარმოადგინა მოქალაქეთა უამრავი განაცხადის ასლი, რომლებიც ითხოვენ ამ ასს-ების ზონაში ტელეფონის დადგმას და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული სახაზო-საკაბელო წყვილები უკვე გამოყენებულია სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ, შესაბამისად არ არსებობს თავისუფალი რესურსი, რომელთან დაშვების ვალდებულებაც ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიას”  აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რესურსთან დაშვების შესაძლებლობა.

”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 2007 წლის 14  ივნისს შპს ”ახალი ქსელებისა” და სხვა კომპანიებისათვის გაგზავნილ წერილზე თანდართულ მოწვევის ოფერტასთან დაკავშირებით, უ. სეთური განმარტავს, რომ ეს არ წარმოადგენდა ახალ ოფერტას ანუ კონკრეტულ შეთავაზებას. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად უ. სეთური იშველიებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს, რომლის მიხედვითაც ერთმანეთისაგან ანსხვავებს მოწვევისა და ახალ ოფერტებს.

ამასთან, ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი მარწმუნებელი კომპანია ზოგადად არ ამბობს უარს გააფორმოს სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულება დაინტერესებულ კომპანიებთან, თუ არსებობს შესაბამისი თავისუფალი რესურსი და ამ რესურსთან დაშვების პირობებზე მხარეებს შორის შეთანხმება. 2007 წლის 14 ივნისის მოწვევის ოფერტა სწორედ ამის დეკლარირებაა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაინიშნოს  შპს ”ახალ ქსელებსა” და  სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვა 2007 წლის 20 ივლისს  16:00 საათზე.

2. დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ ეცნობოთ დაინტერესებულ მხარეებს;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომისიის  თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                  დ. პატარაია   

წევრი                                                                                                   გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები