შპს ”ინფოტელსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2007
მიღების თარიღი ივლისი 06, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”ინფოტელმა” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ” დავის განხილვის მოთხოვნით.
დავის საგანს წარმოადგენს: სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან 2006 წლის 11 აგვისტოს შპს ”ინფოტელთან” დადებული სატელეფონო კანალიზაციით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.
შპს ”ინფოტელის” განცხადებით, ის განთავსებული იყო ფაბრიციუსის ქუჩაზე, რომელიც წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კომპლექსის მშენებლობის შემდგომ მის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის გამოც მან შეიცვალა მდებარეობა და გადავიდა სხვა მისამართზე. შპს ”ინფოტელმა” სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მიმართა თხოვნით, გაეცა ტექნიკური პირობა სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” კუთვნილ სატელეფონო კანალიზაციაში შპს ”ინფოტელის” ახალი მისამართიდან ასს-37-მდე სპილენძის 20 წყვილიანი კაბელის და ასს-91 -მდე და ასს-33/36-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გატარებისათვის, რაზეც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან თანხმობა ვერ მიიღო.
შპს ”ინფოტელი” ითხოვს, კომისიამ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას”, როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს, დაავალოს გასცეს ნებართვა მის მიერ მოთხოვნილ მისამართზე კაბელის ჩასადებად.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელთა განცხადებით, მათდამი რწმუნებულ კომპანიას შპს ”ინფოტელის” მიერ მოთხოვნილ ახალ მიმართულებაზე კაბელის ჩადების ტექნიკური საშუალება არ გააჩნია, მაგრამ თანახმაა შპს ”ინფოტელს” სანაცვლოდ შესთავაზოს ალტერნატიული მარშრუტი.
აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 4 მაისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ”ინფოტელსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.
2007 წლის 15 მაისს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და კომისიას დამატებითი განცხდებით მიმართა შპს ”ინფოტელმა” ასს 37-ში თანალოკაციის ფართზე ურთიერთჩართვის მოთხოვნით და ამ მიმართულებასთან დაკავშირებით სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიასაგან” მოითხოვა შესაბამისი ტექნიკური პირობის წარდგენა.
2007 წლის 1 ივნისს აღნიშნულ საკითხებზე გაიმართა ზეპირი მოსმენა. სხდომას ესწრებოდნენ: შპს ”ინფოტელის” წარმომადგენელები: გ. ჯანგირაშვილი (კომერციული დირექტორი) და ლ. გორხელაშვილი (იურისტი), ხოლო სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: უ. სეთური.
სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისდამი რწმუნებული კომპანია თანახმაა შპს ”ინფოტელს” ურთიერთჩართვის განსახორციელებლად ასს 37-ში გამოუყოს ერთი E-1 სისტემა, რაც საკმარისია მისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მომავალში, ტრაფიკის გაზრდის შემთხვევაში, გაითვალისწინებენ დამატებითი პორტების გამოყოფას, რაც შეეხება ასს 37-დან შპს ”ინფოტელის” ახალ მისამართამდე (დარასელიას ქუჩა) კაბელის ჩადებას, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩასადებად არსებობს ტექნიკური შესაძლებლობა ასს 37-დან შარტავას ქუჩის გავლით კანდელაკის ქუჩის 35/1-მდე, ხოლო შემდგომ დარასელიას 1-მდე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიას” სატელეფონო კანალიზაცია არ გააჩნია, რის გამოც შპს ”ინფოტელის” მიერ მცირე მონაკვეთში (დაახლოებით 150 მეტრი) აშენებულ უნდა იქნას ახალი სატელეფონო კანალიზაცია.
კომისიის 2007 წლის 6 ივლისის სხდომაზე, აღნიშნული დავის არსებითი განხილვისას, მოდავე მხარეებმა განაცხადეს, რომ მათ შორის არსებულ ყველა სადაო საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და შესაბამისად, ერთობლივად მოითხოვეს დავაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ინფოტელსა” და სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავაზე;
2. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1ა) ერთი თვის ვადაში.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი დ. პატარაია
წევრი გ. ფრუიძე
