წვდომის მენიუ

სს ”ეგრისსა” და შპს ” კავკასუს ონლაინს” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 371 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2007

მიღების თარიღი ივლისი 06, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა სს ”ეგრისმა”  შპს ”კავკასუს ონლაინთან”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: შპს ”კავკასუს ონლაინის”  მიერ  სს ”ეგრისის”  ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების  უზრუნველყოფა.

სს ”ეგრისი”  შპს ”კავკასუს ონლაინს” სთავაზობს დაშვების ხელშეკრულების დადებას, რათა მხარეებმა დაშვების მომსახურება განახორციელონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ არ ხორციელდება ამ ტიპის ხელშეკრულების ხელმოწერა, რითაც განმცხადებელს მიაჩნია, რომ  შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ ხდება კანონისმიერი ვალდებულებების დარღვევა. კერძოდ, მის სერვერებზე, რაც შეადგენს საქართველოს ინტერნეტ კონტენტის 70%-ს, ხდება დაშვების შეზღუდვა. განმცხადებელს მიაჩნია, რომ შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ დარღვეულია ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-4 და 19-ე მუხლების მოთხოვნები.

სს   ”ეგრისი”  ითხოვს, კომისიამ დაავალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” სს ”ეგრისთან” დაშვების ხელშეკრულების გაფორმება და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფა.

აღნიშნულ საკითხზე, 2007 წლის 29 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ:  სს ”ეგრისის” წარმომადგენელი ხ. ინჯია, აგრეთვე  შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელი დ. კიკალეიშვილი.

შპს  ”ეგრისის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შპს ”კავკასუს ონლაინი” ახორციელებს შპს ”ეგრისის” დაშვების არაკანონისმიერ შეზღუდვას, რითაც არღვევს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს, მე-2 მუხლის ა) და ზ) ქვეპუნქტებს, აგრეთვე მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ა) და მეორე პუნქტის დ) ქვეპუნქტებს, რითაც მათ კომპანიას ადგება მნიშვნელოვანი ზიანი.

შპს ”ეგრისის” წარმომადგენელმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა და აღნიშნა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით, სს ”ეგრისსა” და შპს ”კავკასუს ონლაინს” შორის ხორციელდება მონაცემთა ურთიერთგაცვლა, შესაბამისად, ტექნიკური თვალსაზრისით ადგილი აქვს კომპანიებს შორის ურთიერთჩართვას. გამომდინარე აქედან, სს ”ეგრისმა” დაზუსტებულ მოთხოვად დააფიქსირა შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფა და ურთიერთჩართვის  ხელშეკრულების გაფორმება.

შპს  ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის სადაო საკითხთან დაკავშირების ინფორმაციას არ ფლობს.

კომისიამ 2007 წლის 29 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება სს  ”ეგრისსა” და  შპს  ”კავკასუს ონლაინს”  შორის არსებული დავის  6 ივლისს დანიშვნის შესახებ. დავის განხილვის თარიღისა და დროის შესახებ მხარები მოსამზადებელ სხდომაზევე გაფრთხილდნენ. ამასთან, შპს ”კავკასუს ონლაინის”  წარმომადგენელს განმეორებით გადაეცა სს ”ეგრისის” მიერ წარმოდგენილი განცხადების ასლი და თანდართული დოკუმენტაცია და მიეცა წინადადება დავის განხილვის დღისათვის წარმოედგინა შპს ”კავკაზუს ონლაინის” შესაგებელი დავაზე.

2007 წლის 6 ივლისის გაიმართა სს  ”ეგრისსა” და  შპს  ”კავკასუს ონლაინს”  შორის არსებული დავის  განხილვა. სს ”ეგრისის” წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ კომისიამ დაავალდებულოს შპს ”კავკაზუს ონლაინი” უზრუნვეყოს მისი შეუზღუდავი დაშვება საკუთარი ქსელის ელემენტებთან და გაუფორმოს უერთიერთჩართვის ხელშეკრულება.

შპს ”კავკასუს ონლაინის” წარმომადგენელმა აღნიშნა, შპს ”კავკასუს ონლაინის” ქსელის შესაბამის ელემენტებთან სს ”ეგრისი” დაშვებულია, ხოლო რაც შეეხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებას, ისინი მზად არიან წარმოადგინონ შესაბამისი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების მხოლოდ პროექტი. მან დასძინა, რომ მისი კომპანია ვერ აიღებს ვალდებულებას იმაზე, რომ წარმოადგენს სს ”ეგრისთან” ხელმოწერილ ურთიერთჩართვის ხელშეკრულებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რ) პუნქტის შესაბამისად, დაშვება არის ”ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ განსაზღვრული პირობებით (მათ შორის, ტარიფებით) საკუთარი ქსელის შესაბამისი ელემენტებით, ტექნიკური საშუალებებით, მათი თავისუფალი ფუნქციონალური რესურსებითა და სიმძლავრეებით, ან მათი გამოყენებით განხორციელებული (ან განხორციელებადი) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს უზრუნველყოფას: ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ქსელის ფიზიკური ინფრასტრუქტურის შესაბამისი ელემენტებითა და ტექნიკური საშუალებებით; ადგილობრივი დაშვების ქსელის ელემენტებით და მათი თავისუფალი რესურსებით, მათ შორის, საკანალიზაციო არხებით და ჭებით, სააბონენტო წყვილებით, ანძებით და ბოძებით; თანალოკაციის ფართობით; ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ქსელის შესაბამისი ელემენტებით, მათი თავისუფალი საოპერაციო რესურსებითა და სიმძლავრეებით (მათ შორის, როუმინგის მიწოდებასთან დაკავშირებული რესურსებით); აბონენტის ინდივიდუალური დაშვების სისტემისა და პროგრამების (მომსახურების) ელექტრონული სარჩევის (მეგზურის) რესურსებით; ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საოპერაციო პროგრამული მართვისა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზების, ნომრების პორტაბელურობასთან (ტრანსლირებასთან) დაკავშირებული რესურსებით, ასევე ვირტუალური ქსელების მომსახურების სახეებით სარგებლობის უზრუნველყოფას”, ხოლო ამავე მუხლის ჰ29) პუნქტის თანახმად,  ”ურთიერთჩართვა არის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ფიზიკური და ლოგიკური კავშირი, რომელსაც იყენებს ერთი ან რამდენიმე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი, რათა ერთი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს შესაძლებლობა მიეცეს, დაუკავშირდეს იმავე ან სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომხმარებელს, ან/და ისარგებლოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მომსახურებით, და რომელიც  ხორციელდება ოპერატორების მიერ საკუთარი ქსელების შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი, სავალდებულო  და არადისკრიმინაციული ურთიერთდაშვებით”

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერი ოპერატორი უფლებამოსილია  მოითხოვოს მისი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების  ან/და ურთიერთჩართვის მიწოდება, ხოლო მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტის თანახმად, ნებისმიერი და არა მხოლოდ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი ვალდებულია ”მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის თავისუფალ ელემენტებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირის შეუზღუდავი დაშვება”. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, ”ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის და ელექტრონული საკომუნიკაციო  უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.”

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის რ) და ჰ29) პუნქტების, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის, ასევე მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტისა და მე-ე პუნქტის,  45-ე მუხლისა და  42-ე მუხლის საფუძველზე,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაკმაყოფილდეს სს ”ეგრისის” მოთხოვნა, დაევალოს შპს ”კავკასუს ონლაინს” სს ”ეგრისის” შეუზღუდავი დაშვების დაუყოვნებლივი უზრუნველყოფა, აგრეთვე სს ”ეგრისთან” ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმება და კომისიაში წარმოდგენა 1 კვირის ვადაში;

2. შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ ამ გადაწყვეტილების პირველი პუნქტის შესრულების კონტროლი და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) 2007 წლის 20 ივლისამდე;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსს (კ. ყურაშვილი);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                       დ. პატარაია

 წევრი                                                                                                       გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები