სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2007
მიღების თარიღი ივლისი 06, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, და მოითხოვა შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” მათ მიმართ ერიცხება 2003-2006 წლებში დარიცხული დავალიანება, რომელიც აღემატება 700 000 (შვიდასი ათასი) ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კავკასიის ციფრულმა ქსელმა” არ დააკონკრეტა მის მიერ აღიარებული ვალის ოდენობა, მაგრამ კომისიის მიერ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიიდან გამოთხოვილ იქნა სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელს” შორის არსებული სამოქალაქო დავის სასამართლო სხდომის ოქმი, სადაც შპს ”კავკასიის ციფრული ქსელის” მიერ დავალიანება აღიარებულია 104 000 (ას ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2007 წლის 29 ივნისის სხდომაზე სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” დამატებით წარმოადგინა ახალი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებს”, გარდა ზემოაღნიშნული 700 000 ლარისა, ერიცხება ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2006-2007 წლის გადაუხდელი თანხები, კერძოდ 205.200.46 ლარი, რომელიც მოიცავს 2006 წლის აპრილიდან აგვისტომდე თვეებს, აგრეთვე 34.459.26 ლარი, რომლის თაობაზეც საოქმო გადაწყვეტილებები ხელმოწერილია, მაგრამ თანხები გადახდილი არ არის.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა 2006 წლის აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეების შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” და სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გამავალი და შემავალი ტრაფიკების მონაცემები, შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მიერ წარმოდგენილი CDR-ების მიხედვით და გამოირკვა, რომ ამ პერიოდში ტრაფიკებს შორის სხვაობამ შეადგინა 2254017 წუთი სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” სასარგებლოდ, რაც თანხობრივად 90.160.68 ლარს შეადგენს და შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მიერ გადახდილი არ არის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი საოქმო გადაწყვეტილებების და საგადასახადო დავალებების შედარების საფუძველზე დაფიქსირდა შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მიერ გადაუხდელი 34.459.26 ლარი, რომელიც კომპანიებს შორის ხელმოწერილი საოქმო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს.
შესაბამისად, კომისიამ შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” უდავო დავალიანებად მიიჩნია 90.160.68 ლარს დამატებული 34.459.26 ლარი, სულ 124.619.94 ლარი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”
მხარეთა პოზიციის შეჯერების, ანალიზის, ყოველმხრივი გამოკვლევისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ არსებული უდავო დავალიანების 124.619.94 ლარის დასაფარად შპს ”კავკასიის ციფრულ ქსელებს” მიეცეს 2 კვირის ვადა ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან;
2. შპს ”კავკასიის ციფრული ქსელების” მხრიდან უდავო დავალიანების 124.619.94 ლარის პირველ პუნქტში აღნიშნულ ვადაში სრულად არ დაფარვის ან დავალიანების გაზრდის შემთხვევაში, მიეცეს უფლება სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შეაჩეროს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი: დ. პატარაია
კომისიის წევრი: გ. ფრუიძე
