სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის” შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” გაფორმებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერებაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 12, 2007
მიღების თარიღი ივლისი 06, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა სს ”საქართველოს გაერთიანებულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და მოითხოვა შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” დადებული ურთიერთჩართვის ხელშეკრულების შეჩერება, ვინაიდან შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” მათ მიმართ ერიცხება დავალიანება, რომელიც 2007 წლის 27 ივნისის მდგომარეობით აღემატება 150 000 ლარს.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” მხრიდან ვალი აღიარებულია 126.038.34 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფის” 2007 წლის 2 ივლისის №6/783-07 წერილით.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ”ურთიერთჩართული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ მოქმედი ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მეორე მხარე უფლებამოსილია ამ პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, შეაჩეროს მოქმედი ურთიერთჩართვა მხოლოდ კომისიის თანხმობით და მის მიერ განსაზღვრული ვადითა და პირობებით.”
მხარეთა პოზიციის შეჯერების, ანალიზის, ყოველმხრივი გამოკვლევისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფმა” ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს კომისიაში სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” შეთანხმებული დავალიანების (126.038.34 ლარის) გადახდის გრაფიკი, ხოლო გადახდის გრაფიკზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დავალიანება დაფაროს ერთი თვის ვადაში;
2. სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” მიეცეს უფლება შეაჩეროს ურთიერთჩართვის ხელშეკრულება შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფთან” ა) ერთი კვირის ვადაში გადახდის გრაფიკზე შეუთანხმებლობის და დავალიანების ერთი თვის ვადაში სრულად არ დაფარვის შემთხვევაში; ბ) სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა” და შპს ”კომუნიკაციების საკონსულტაციო ჯგუფს” შორის შეთანხმებული გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში; გ) ვალის გაზრდის შემთხვევაში;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი: დ. პატარაია
კომისიის წევრი: გ. ფრუიძე
