შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” დაჯარიმების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2007
მიღების თარიღი ივლისი 06, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის 3-ე პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.
კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2007 წლის 30 მარტის №163/18 გადაწყვეტილების საფუძველზე, 2007 წლის 25 მაისს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა (მ. გოთოშია), ჩაატარა შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი №12. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ”შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელებს” აქვს წარმოდგენილი კომისიაში ინფორმაცია სატელეფონო ტრაფიკების შესახებ, რითაც დარღვეულია კომისიის 2004 წლის №149/20 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის, 2007 წლის 30 მარტის №163/18 გადაწყვეტილების პირველი პუნქტისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-მუხლის 2-ე პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნები.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის (ი. აბულაძე) სამსახურებრივი ბართის (2007 წლის 30 მაისი) საფუძველზე დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”კაჭრეთის ახალ ქსელებს” კომისიაში 2005 წლის ნოემბრიდან დღემდე არ აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 233 (ორას ოცდაცამეტი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” მიერ აგრეთვე დარღვეულია ”ელექტრონული კომინიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელები” გაფრთხილებულია კომისიის 2007 წლის 30 მარტის №163/18 გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად მიაჩნია, კომისიაში დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” დაჯარიმების მიზნით.
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 და მე-15 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” დაჯარიმების მიზნით;
2. შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” დაჯარიმების თაობაზე საკითხის განსახილველად კომისიის სხდომა გაიმართოს 2007 წლის 20 ივლისს 16-სთ-ზე, მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ № 42.
3. შპს ”კაჭრეთის ახალ ქსელებს” უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, აგრეთვე გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს.
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელებისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.
5. წინამდებარე გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 პუნქტის ძალით.
6. კონტროლო აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი
დ. პატარაია
კომისიის წევრი
გ. ფრუიძე
