წვდომის მენიუ

შპს ”ახალ ქსელებსაა” და სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 388 / 16

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 20, 2007

მიღების თარიღი ივლისი 13, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა”  სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანს წარმოადგენს: სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ გლდანი-ნაძალადევის რაიონში ასს-69-ის ზონაში კაბელების ჩაჭრით შპს  ”ახალ ქსელებს” აბონენტთა გათიშვის ფაქტები.

შპს ”ახალ ქსელებს” სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან”  ნაქირავები აქვს სახაზო წყვილები, რომლის ქირასაც ხელშეკრულების თანახმად უხდის გამქირავებელს. შპს ”ახალი ქსელების” განცხადებით, სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან ადგილი აქვს კაბელების ხელოვნურად დაზიანების  შემთხვევებს, კერძოდ მის მიერ გლდანი-ნაძალადევის რაიონში გადაჭრილ იქნა ის კაბელები, რომელშიც შპს ”ახალ ქსელებს” ნაქირავები აქვს წყვილები, რის გამოც 25 მაისიდან ასს-69-ის ზონაში გათიშულია დაახლოებით 200  აბონენტი. 

შპს   ”ახალი ქსელები”  ითხოვს, მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტების შემოწმებას, გადაჭრილი კაბელების დაუყოვნებლივ აღდგენასა და სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების გამოყენებას.

2007 წლის 8 ივნისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა. სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი არ  დაეთანხმა შპს  ”ახალი ქსელების” წარმომადგენელების განცხადებას და აღნიშნა რომ, ადგილი არ ჰქონია კაბელების განზრახ დაზიანებას და მოსარჩელის მიერ მითითებულ რაიონში სატელეფონო კაბელების გადაჭრა გამოწვეულია ტექნიკური აუცილებლობით, რაც იწვევს ამ რაიონში ყველა აბონენტის გათიშვას 3-4 დღით. ამჟამად,  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ისინი კომისიას წარმოუდგენენ გათიშული აბონენტების სრული აღდგენის გრაფიკს.   

მოსამზადებელ სხდომაზე კომისიის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - შპს   ”ახალ ქსელებsa” და  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” შორის დავის  განხილვის  დღის დანიშვნის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) დაევალა დაზიანებული (გადაჭრილ) სატელეფონო ნომრების აღდგენის მიმდინარეობის შემოწმება და შესაბამისი შემოწმების ოქმის წარმოდგენა.

2007 წლის 13 ივლისს აღნიშნულ საკითხზე კომისიაში გაიმართა დავის არსებითი განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს  ”ახალი ქსელების” წარმომადგენელები: ნ. ჟღენტი და ხ. ინჯია, ხოლო  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან: უ. სეთური.

კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა კომისიის სხდომაზე წარმოადგინა 2007 წლის 10 ივლისს შედგენილი შემოწმების აქტი №18, საიდანაც ირკვევა რომ შემოწმდა რა ასს 69-ის შპს ”ახალი ქსელების” მიერ გადმოცემული ყველა დაზიანებული ნომრის სახაზო-საკაბელო პარამეტრები, დადგინდა, რომ 60 ტელეფონის ნომერი კვლავ დაზიანებულია, ხოლო 5 სახაზო-საკაბელო წყვილი გამოყენებულია სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის ” მიერ.

კომისია აღნიშნავს, რომ ქსელის ინტეგრაციისა და დაცულობის შენარჩუნება, ასევე მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვა წარმოადგენს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” უშუალო ვალდებეულებას.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელი  ვალდებულია დროულად აღმოფხვრას დაზიანებები.

,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მეორე პუნქტის  ”ე”  ქვეპუნქტისა და  45-ე მუხლის, ”ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაევალოს სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას” ამ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში აღმოფხვრას დაზიანებები და უზრუნველყოს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში ასს 69-ის ზონაში შპს ”ახალი ქსელების” დაზიანებული (გათიშული) აბონენტების სატელეფონო მომსახურების აღადგინა;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

3. დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ. გოთოშია) ამ გადაწყვეტილების შესრულების შემოწმება და კომისიისათვის ინფორმაციის წარმოდგენა 2007 წლის 23 ივლისამდე;

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა.

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში.

კომისიის  თავმჯდომარე                                                                 

ზ. ნონიკაშვილი

 წევრები:                                                        

 დ. პატარაია

გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები