წვდომის მენიუ

შპს ”ახალ ქსელებსა” და სს ” საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიას ” შორის დავის განხილვის შესახებ

ნომერი: 401 / 16

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 02, 2007

მიღების თარიღი ივლისი 20, 2007

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას 2007 წლის 18 ივნისს მიმართა შპს ”ახალმა ქსელებმა”  სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან ”  დავის  განხილვის მოთხოვნით.

დავის საგანი:

1. სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მიერ შპს ”ახალი ქსელების” 240 აბონენტის გათიშვა ასს 51-ის ზონაში;

2. სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გაუფორმებლობა.

 შპს  ”ახალი ქსელები” თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების №8 ხელშეკრულების თანახმად, ნაქირავები ჰქონდა სახაზო-საკაბელო წყვილები 30, 31, 36 და 51 ასს-ებში, რომელთა ქირასაც, თანახმად ამ ხელშეკრულების პირობებისა, იხდიდა შპს ”ახალი ქსელები”.  სს ”საქართველოს გაერთიანებულმა  სატელეკომუნიკაციო კომპანიამ”  13 ივნისს მიმართა შპს ”ახალ ქსელებს” ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაქირავები სახაზო-საკაბელო წყვილების ჩაბარების მოთხოვნით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის გამო. 2007 წლის 14 ივნისს შპს ”ახალმა ქსელებმა” სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიისაგან” მიიღო მოწვევის ოფერტა ახალი ტარიფებით სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გასაფორმებლად,  რაზეც შპს ”ახალმა ქსელებმა” მეორე დღესვე განახორციელა შესაბამისი პირობების მიღება (აქცეპტი). მიუხედავად ამისა, სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” უარს ამბობს ხელშეკრულების გაფორმებაზე. პარალელურად   სს ”საქართველოს გაერთიანებულმა  სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” ასს 51-ს ზონაში გათიშა შპს ”ახალი ქსელების” 240 აბონენტი.

აღნიშნულ საკითხზე 2007 წლის 6 ივლისს კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოდავე მხარეებს შორის დავის განხილვის დღის დანიშვნის შესახებ.

2007 წლის 20 ივლისს ჩატარდა დავის განხილვა. სხდომას ესწრებოდნენ:  შპს  ”ახალი ქსელების” წარმომადგენლები: ნ. ჟღენტი, ხ. ინჯია, ხოლო  სს  ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მხრიდან - უ. სეთური.

შპს ”ახალი ქსელების” წარმომადგენელმა მოითხოვა, რომ კომისიამ სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიას”  დაავალოს გათიშული სახაზო-საკაბელო წყვილების აღდგენა და ამ წყვილებით მომსახურების ახალი ხელშეკრულების გაფორმება.

სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი უ. სეთური არ დაეთანხმა  შპს  ”ახალი ქსელების” მოთხოვნას და აღნიშნა, რომ 2003 წლის 15 იანვრის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2007 წლის 1 ივნისს. აღნიშნული ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შეთანხმება ან ახალი ხელშეკრულება მხარეებს შორის არ გაფორმებულა, შესაბამისად 2007 წლის 1 ივნისიდან აღარ არსებობს ამ სახაზო-საკაბელო წყვილების შპს ”ახალი ქსელების” მიერ ფლობის კანონიერი საფუძველი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, უ. სეთურმა წარმოადგინა მოქალაქეთა მრავალი განაცხადის ასლი, რომლებიც ითხოვენ ამ ასს-ების ზონაში ტელეფონის დადგმას და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული სახაზო-საკაბელო წყვილები უკვე გამოყენებულია სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მიერ, შესაბამისად არ არსებობს თავისუფალი რესურსი, რომელთან დაშვების ვალდებულებაც სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიას”  აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს რესურსთან დაშვების შესაძლებლობა.

სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის” 2007 წლის 14  ივნისს შპს ”ახალი ქსელებისა” და სხვა კომპანიებისათვის გაგზავნილ წერილზე თანდართულ მოწვევის ოფერტასთან დაკავშირებით, უ. სეთურმა განმარტა, რომ ეს არ წარმოადგენდა ახალ ოფერტას ანუ კონკრეტულ შეთავაზებას. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად უ. სეთური იშველიებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებს, რომლის მიხედვითაც ერთმანეთისაგან ასხვავებს მოწვევისა და ახალ ოფერტებს.

ამასთან, სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი მარწმუნებელი კომპანია ზოგადად არ ამბობს უარს გააფორმოს სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულება დაინტერესებულ კომპანიებთან, თუ არსებობს შესაბამისი თავისუფალი რესურსი და ამ რესურსთან დაშვების პირობებზე მხარეებს შორის შეთანხმება. მისივე მტკიცებით, 2007 წლის 14 ივნისის მოწვევის ოფერტა სწორედ ამის დეკლარირებაა.

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდგომ, კომისია ყურადღებას ამახვილებს შპს ”ახალი ქსელების”  სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან” 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების მე-4 მუხლზე, რომლის 4.2 პუნქტის თანახმადაც, აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედებდა 2007 წლის 1 ივნისამდე. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა პროლონგაციის წესით მის ავტომატურ გაგრძელებას. მე-4 მუხლის 4.2. პუნქტის თანახმად, ვადის გასვლის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელი იყო მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, კომისია მიიჩნევს, რომ ვადის ამოწურვის გამო, სს ”საქართველოს გაერთიანებულ  სატელეკომუნიკაციო კომპანიას” 2003 წლის 15 იანვარს გაფორმებული სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების №8 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება არ აკისრია. 

კომისია შენიშნავს რომ, შპს ”ახალ ქსელებს” ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე (2007 წლის 1 ივნისი) კონტრაგენტი კომპანიისადმი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების ან ახალი ხელშეკრულების დადების მოთხოვნით არ მიუმართავს.  მომსახურების ტარიფების თაობაზე სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოწვევის ოფერტა შპს ”ახალ ქსელებსა” და სხვა ლიცენზიანტებს გაეგზავნათ 13 ივნისს, მოწვევის ოფერტის მიღება შპს ”ახალი ქსელების მიერ” დადასტურდა 15 ივნისს ანუ სადავო ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის შემდეგ.

კომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” მოწვევის ოფერტის საგანი იყო მომსახურების ტარიფები და არა კონკრეტულ მიმართულებებზე მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. როგორც სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია” ლიცენზიანტებისადმი გაგზავნილ წერილში განმარტავდა, ამ შეთავაზების მიზანი  იყო მხოლოდ დაშვების ტარიფების რებალანსირება. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მიერ  30, 31, 36 და 51 ასს-ებში, სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების თაობაზე ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) შეთავაზებული არ ყოფილა.

კომისია ასევე ითვალისწინებს სს ”საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” განმარტებას, რომ ზემოაღნიშნული სახაზო-საკაბელო წყვილები დღეის მდგომარეობით უკვე გამოყენებულია თავად მის  მიერვე,  რის დასადასტურებლადაც მისმა წარმომადგენელმა კომისიას მტკიცებულების სახით წარმოუდგინა მოქალაქეთა მრავალი განაცხადის ასლი, რომლებიც ითხოვდნენ ამ ასს-ების ზონაში ტელეფონის დადგმას, შესაბამისად დღეის მდგომარეობით არ არსებობს თავისუფალი რესურსი, რომელთან დაშვების ვალდებულებაც სს ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიას”  ექნებოდა.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19, 41-ე და 42-ე მუხლების თანახმად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. არ დაკმაყოფილდეს   შპს  ”ახალ ქსელების”  მოთხოვნა  სს  ”საქართველოს გაერთიანებული  სატელეკომუნიკაციო კომპანიის”  მიერ ასს-51-ის ზონაში გათიშული წყვილების აღდგენისა და სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

2. უზრუნველყოს სს  ”საქართველოს გაერთიანებულმა  სატელეკომუნიკაციო კომპანიამ” თავისუფალი რესურსის არსებობის შემთხვევაში შპს  ”ახალ ქსელებთან”  სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის 1-ა) ერთი თვის ვადაში;

    კომისიის  თავმჯდომარე                                       ზ. ნონიკაშვილი

                          წევრები:                                        დ. პატარაია

                                                                              გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები