წვდომის მენიუ

შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” დაჯარიმების თაობაზე

ნომერი: 402 / 18

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2007

მიღების თარიღი ივლისი 20, 2007

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად, ახორციელებს ავტორიზირებულ პირების საქმიანობისა და ლიცენზიის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

     ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-3 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზირებისა და რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის პირობების დაცვაზე განახორციელოს ზედამხედველობა და მათი დარღვევისას გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო 43-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, კომისია აკონტროლებს  ავტორიზირებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.

     კომისია, აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზირებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები.

      ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტისა და კომისიის 2007 წლის 30 მარტის №163/18 გადაწყვეტილების საფუძველზე, 2007 წლის 25 მაისს  კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტმა (მ. გოთოშია), ჩაატარა შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” შემოწმება და შეადგინა შემოწმების აქტი №12. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ”შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელებს” არ აქვს წარმოდგენილი კომისიაში ინფორმაცია სატელეფონო ტრაფიკების შესახებ, რითაც დარღვეულია კომისიის 2004 წლის №149/20 გადაწყვეტილების მე-10 პუნქტის, 2007 წლის 30 მარტის №163/18 გადაწყვეტილების  პირველი პუნქტისა და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 19-მუხლის 2-ე პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნები.

    კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის (ი. აბულაძე) სამსახურებრივი ბარათის (2007 წლის 30 მაისი) საფუძველზე დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”კაჭრეთის ახალ ქსელებს” კომისიაში 2005 წლის ნოემბრიდან დღემდე არ აქვს წარმოდგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშებები და ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 233 (ორას ოცდაცამეტი) ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედებით შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” მიერ აგრეთვე დარღვეულია ”ელექტრონული კომინიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

    იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელები” გაფრთხილებულია კომისიის 2007 წლის 30 მარტის №163/18 გადაწყვეტილებით, კომისიაში 2007 წლის 6 ივლისს დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელების” დაჯარიმების მიზნით.

      ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შპს ”კაჭრეთის ახალ ქსელებს” კომისიაში არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც გახდებოდა საფუძველი დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისათვის.

         ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირის მიერ დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან გაფრთხილებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლი დღგ-ს გარეშე) 0,5% პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 ლარისა.

   იმის გათვალისწინებით, რომ შპს ”კაჭრეთის ახალ ქსელებს” კომისიაში წარმოდგენილი არ აქვს რეგულირების საფასურის გაანგარიშებები, აგრეთვე სატელეფონო ტრაფიკების შესახებ ინფორმაცია რის გამოც დაუდგენელია მისი ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის ოდენობა, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელებს” დაეკისროს ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

2. შპს ”კაჭრეთის ახალმა ქსელებმა” დაუყოვნებლივ უზრუნველყოს რეგულირების საფასურის დავალიანების 233 (ორას ოცდაცამეტი) ლარის გადახდა, აგრეთვე კომისიაში სატელეფონო ტრაფიკების შესახებ ინფორმაციისა და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენა. 

3. შპს ”კაჭრეთის ახალ ქსელებმა” 30 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოს წინამდებარე გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მითითებული ჯარიმის გადახდა შემდეგ რეკვიზიტებზე:  ხაზინის ერთიანი ანგარიში ანგარიშის ნომერი 200122900, ბანკი სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220101222, სახაზინო კოდი 300501116 და წარმოადგინოს კომისიაში გადახდის ქვითარი.

4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გაგზავნა შპს ”კაჭრეთის ახალი ქსელებისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1ა) ერთი თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი. აბულაძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                     ზ. ნონიკაშვილი

კომისიის წევრი                                                                                     დ. პატარაია                                                                                                                                                                                                                                                                                                           

                                                                                                                    გ. ფრუიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები