შპს ”მმგს საქართველო” -სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2007
მიღების თარიღი ივლისი 20, 2007
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მმგს საქართველო”-მ (09.07.2007 №7/204-07) ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.
როგორც წერილშია აღნიშნული, შპს ”მმგს საქართველო” წარმოადგენს საქართველოში სწრაფი გადახდების დამნერგავ კომპანიას, რომლის მიზანია გაუადვილოს მომხმარებელს კომუნალური, სატელეფონო და სხვა მსგავსი გადახდების განხორციელება. სწრაფი გადახდების სისტემის გავრცელების მიზნით შპს ”მმგს საქართველო” ქმნის დილერთა ფართო ქსელს. გამომდინარე იქედან, რომ დილერებს ხშირად უხდებათ კომპანიასთან დაკავშირება სხვადასხვა სახის ინფორმაციისა თუ ტექნიკური დახმარების მისაღებად, კომპანიას ესაჭიროება ნუმერაციის რესურსი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქედან, რომ შპს ”მმგს საქართველო”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს შპს ”მმგს საქართველო”-ს ნუმერაციის რესურსი 8-0-5-3 (რვა-ნული-ხუთი-სამი) ქ.თბილისში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ”მმგს საქართველო”-ს ნუმერაციის რესურსი 8-0-5-3 (რვა-ნული-ხუთი-სამი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2008 წლის - 20 ივლისამდე, ქ.თბილისში;
2. შპს ”მმგს საქართველო” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს ”მმგს საქართველო”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში შპს ” მმგს საქართველო ” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, სარაჯიშვილის № 1 ა ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრები დ.პატარაია
გ.ფრუიძე
